რომში მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, იამაიკელმა შერიკა ჯეკსონმა გაიმარჯვა. მამაკაცთა 100 მეტრზე სპრინტი კი ამერიკელმა ფრედ კერლიმ მოიგო.
რომში 200 მეტრზე იასპარეზა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელეინ თომპსონ-ერამ, ვინც მანამდე ბრილიანტის ლიგის იუჯინის და რაბატის შეხვედრებზე, 100 მეტრზე სპრინტი მოიგო. მაგრამ ამჯერად ის მეორე ადგილს დასჯერდა. ჯეკსონმა ფინიშს 21.91 წამში მიაღწია. მას 0.34 წამით ჩამორჩა თომპსონ-ერა.
ჯეკსონი ტოკიოს თამაშებზე ფინალს მიღმა დარჩა. ის ნახევარფინალურ გარბენს იგებდა, მაგრამ დროზე ადრე დააგდო ტემპი და საბოლოოდ, ფინალური საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.
„აქ მხოლოდ კარგად გამოსვლა მსურდა. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, იუჯინში ოქროს მედლის მოპოვებას ვეცდები. 400 და 100 მეტრზე ბევრი ინდივიდუალური მედალი მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა ოქროს მოპოვება. სულერთია, ამას რომელ დისტანციაზე შევძლებ“, - ამბობს ჯეკსონი.
კერლიმ დოჰას შეხვედრაზე, თანამემამულე ნოა ლაილზთან წააგო, მაგრამ ამჯერად შეუდარებელი იყო და სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ტრავმის გამო, რომში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ლამონტ მარსელ ჯეკობსმა ვერ იასპარეზა.
მოკლედ კერლიმ, ვინც ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინიშს 9.92 წამში მიაღწია და უკან მოიტოვა თანამემამულეები, კაირი კინგი და კრევონტ ჩარლსტონი.
5000 მეტრზე კენიელმა ნიკოლას კიმელიმ გაიმარჯვა, ვინც ლეგენდარული თანამემამულის, ელიუდ კიპჩოგეს 2004 წლის შედეგი (რომის ოლიმპიური სტადიონის რეკორდი - 12:46.33) გაიმეორა. ეს ამ დისტანციაზე, ყველა დროის მეშვიდე საუკეთესო შედეგია.
მამაკაცთა სიმაღლეზე ხტომაში, იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჯანმარკო ტამბერიმ, მაყურებელს იმედი ვერ გაუმართლა და მესამე ადგილს დასჯერდა. გამარჯვება კი ამერიკელმა ჯუვონ ჰარისონმა მოიპოვა.
სლოვენიელმა კრისტიან ჩეჰმა, ბადრო 70.72 მეტრზე გასტყორცნა და მიმდინარე სეზონში, ლიგის მესამე შეხვედრა მოიგო. ეთიოპიელმა ლამეჩა გირმამ 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზი მოიგო. მან ფინიშს რვა წუთზე ნაკლებში (7:59.23) მიაღწია და ლიგის ამ სეზონში მესამე (ოსტრავას და რაბატის შემდეგ) გამარჯვება მოიპოვა.
ქალთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში, ტოკიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ჰოლანდიელმა ფემკე ბოლმა (53.02) გაიმარჯვა. ეთიოპიელმ ჰირუტ მეშეშამ, რაბატის შემდგ, 1500 მეტრი რომშიც მოიგო. ქალთა შორის 800 მეტრზე კი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ათინგ მუმ გაიმარჯვა.
ბრილიანტის ლიგის მეექვსე შეხვედრას, მომდევნო კვირაში ოსლო უმასპინძლებს.