საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და აღნიშნა, რომ ეს განსხვავებული ემოცია იყო.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ასეთ რთულ თამაშში გამარჯვება, მითუმეტეს გასვლაზე და მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმე დასასრულებელია და შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით. ეროვნულ ნაკრებში გოლი პირველად გავიტანე და ძალიან განსხვავებული ემოციაა და მიხარია, რომ ჩემი გოლით გუნდის დახმარება და ასე თუ ისე, გამარჯვებაში წვლილის შეტანა მოვახერხე“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს, ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს - 1. ჯგუფის გამარჯვებული მომდევნო სეზონში B დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს და გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში გავა. საქართველოს ნაკრებს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 1 ფრე), ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.