ავტოსპორტი

17:19 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი აღიარებს, რომ „ფერარის“ ფანატია

ლუის ჰამილტონის თქმით, ის რომ ფორმულა 1-ის უბრალო ქომაგი იყოს, მაშინ აუცილებლად შარლ ლეკლერის ფანების რიცხვში ჩაეწერებოდა. ამ სეზონში ის ჩემპიონობისათვის ვერ იბრძვის - „მერსედესის“ ახალი მანქანა ამის საშუალებას არ აძლევს. მას მერვე ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი აქვს. მაგრამ ძნელია წარმოსადგენია, გუნდმა შეძლოს მანქანის ისე მოდიფიცირება, რომ ბრიტანელი ტიტულისთვის მებრძოლთა რიგებს შეუერთდეს.

მოკლედ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სტატისტის როლშია იმ დროს, როდესაც ტიტულისთვის მაქს ფერსტაპენი და ლეკლერი იბრძვიან. იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერას“ რეპორტიორმა ჰამილტონს ჰკითხა, ლეკლერსა და ფერსტაპენს შორის, ჩემპიონობის მეტი შანსი რომელს აქვს, „მერსედესის“ პილოტმა უპასუხა:

„როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ჩამოგვწერეს. ვფიქრობ, ეს ნაადრევია. რაც შეეხება კითხვას, ასე გიპასუხებთ: ფერარი კვალიფიკაციაში უფრო სწრაფია, რედ ბული კი - რბოლისას ჯობნის. მაგრამ რბოლიდან რბოლამდე ბევრი რამ იცვლება. ფერარიმ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მანქანის შექმნა შეუძლია. შარლი კი ძალიან ძლიერია“.

„ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი გახდება ჩემპიონი. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, მე რომ რბოლების ტრიბუნიდან ცქერა მიწევდეს, მაშინ შარლს ვუქომაგებდი. საერთოდ, მე ფერარის ფანატი ვარ“.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა მაშინვე მეორე კითხვაც შეაგება: ხომ არ ისურვებდა კარიერის ბოლოს სკუდერიაში გადასვლას. ამაზე ჰამილტონმა უპასუხა: „ხედავთ, აქ რა წერია (თავის ერთ-ერთ ტატუზე მიანიშნა)? - ერთგულება! რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა, რომ კარიერაში ერთხელ მაინც მქონოდა ფერარის მანქანის მრთვის საშუალება. მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება. მერსედესის გუნდი ჩემთვის ოჯახად იქცა. მე ყოველთვის მისი მრბოლი ვიქნები, როგორც თავის დროზე, სტირლინგ მოსი იყო“.

0.126088