ფეხბურთი

20:12 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მთავარი წარსული კი არა, აწმყო და მომავალია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, წარსულს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი აწმყო და მომავალია. სანიოლის თქმით, თუ მისი გუნდი იმ ინტენსივობით ითამაშებს, როგორც ბოლო მატჩები ჩაატარა, თბილისში სასიამოვნო მოგონებებით დაბრუნდებიან.

„პლეი-ოფის წაგებული ფინალი? ეს შეკითხვა უფრო კვეკვესკირს უნდა დაუსვათ, რადგან იმ მატჩში მან ითამაშა. იგივე ტურნირია, თუმცა, სრულიად სხვა კონტექსტი აქვს. ჩვენთვის მთავარი ის კი არაა, რაც წელიწადნახევრის უკან იყო, არამედ, რაც 4-7 დღის წინ მოხდა და მომავალში რაც იქნება. მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი ფორმა და ინტენსივობა, თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით. ყველა ფეხბურთელი, სამივე მეკარე და ზოგადად, 29-ვე ფეხბურთელი ხვალ სათამაშოდ მზადაა.

ფაქტია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იტალია დაამარცხა. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ჩვენს ჯგუფში ფავორიტი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. თუმცა, ერთია ლაპარაკი, გადამწყვეტი კი ისაა, რაც მოედანზე იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩრდ. მაკედონიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება, რომ ფავორიტია, შეცდომა იქნება და ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებზე სიღრმისეულად აქ ვერ ვისაუბრებ. პირველ მატჩში ბულგარეთთან მაკედონია უკეთესი იყო და გამარჯვებას იმსახურებდა, გიბრალტარში კი ხელოვნური საფარია და იქ თამაში ადვილი არასდროსაა. მესამე და მეოთხე მატჩი ჯგუფში ალბათ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ მაკედონიას გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არ მინდა უფრო მეტად ფოკუსირება მეტოქეზე მოვახდინო. ჩვენ აქცენტს საკუთარ თავზე ვაკეთებთ და მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდებით“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამჯერვე 2020 წელს. ერთა ლიგაზე ორივე დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიელებმა თბილისში 1:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს. ამ გუნდების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სკოპიედან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11332