რაფაელ ნადალს როლან გაროსზე მაშინაც კი ვერავინ უგებს, როდესაც ხშირი ტრავმების გამო, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. მის დამარცხებას ვინ ჩივის, რაფა პარიზულ თიხნარზე ყველას ანადგურებს. ასე მოხდა წლევანდელი ტურნირის ფინალშიც, სადაც დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად მოასპარეზე ნორვეგიელი კასპერ რუუდი 6-3, 6-3, 6-0 გაანადგურა.
მოკლედ, ესპანელმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირცელობის ჩემპიონის თასი უკვე 14-ჯერ ასწია. ეს მის კარიერაში მოპოვებული დიდი სლემის 22-ე ტიტულია, რითაც მან მამაკაცთა ყველა დროის ჩემპიონთა შორის, ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.
ნადალს როლან გაროსზე 2005 წელს პირველი ტრიუმფის შემდეგ, ტრადიციად ჩამოუყალიბდა - საკუთარ თავს საიუბილეოდ პარიზული სუპერ ტურნირის თასს ჩუქნის. გამონკლისი მხოლოდ ოთხჯერ დაფიქსირდა. მაგრამ არა ამჯერად. რაფას 36 წელი პარასკევს შეუსრულდა, ორი დღის შემდეგ კი თასი ისევ ასწია.
არადა, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნადალს ტერფის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, წასვლაზე ფიქრობს. ბოლო ორი თვის განმავალობაში, ამას ნეკნის მოტეხილობაც დაემატა, რამაც მისი სეზონი თავდაყირა დააყენა. მაგრამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, ის კორტზე ისევ გამოვიდა და ის საქმე გააკეთა, რაც კარგად გამოსდის.
„არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ვეცდები თამაში გავაგრძელო. სანამ შევძლებ, გავაგრძელებ“, - განაცხადა ნადალმა, ვინც სეზონის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობა (მეორედ) მოიგო. ამგვარად, მას დიდი სლემის ორი ტურნირის მოგებაც სჭირდება, რათა (კარიერაში პირველად) კალენდარულ დიდ სლემს მიაღწიოს.