ფეხბურთი

0:48 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე გამარჯვება ბულგარეთში: საქართველომ ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები რაზგრადში 5:2 დაამარცხა! ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჯაბნა და შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა.

ანგარიში ძალიან მალე, მეოთხე წუთზე გაიხსნა. ხვიჩა კვარაცხელიას დიდოსტატური პასი ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე თავური დარტყმით დააგვირგვინა. მალევე საქართველომ მეორე გაიტანა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. თუმცა, მეორე გოლი პირველ ტაიმში საქართველომ მაინც გაიტანა. და, რა თქმა უნდა, ისევ კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს მოჰყვა, რომელმაც დიდებული პასი კიდევ ერთხელ გააკეთა და ამჯერად ირაკლი აზაროვმა გაიტანა. თუმცა, ვინაიდან რიკოშეტი იყო, გოლი ანდრეა ხრისტოვის ავტოგოლად გაფორმდა.

მეორე ნახევარი ბულგარელთა სწრაფი გოლით დაიწყო, რომელიც თავური დარტყმით ათანას ილიევმა გაიტანა. მაგრამ ბულგარეთის ნაკრებზე ამ გოლმა დადებითად არ იმოქმედა. უფრო მეტიც, საქართველოს ნაკრებმა ორ წუთში გაიტანა. ამჯერად, აზაროვი-აბურჯანიას შესანიშნავი კომბინაცია ბუდუ ზივზივაძემ გოლით დაასრულა. ეს 52-ე წუთზე მოხდა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და ამჯერად პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე ზუსტად დაარტყა და სხვაობა გაზარდა.

67-ე წუთზე ვილი სანიოლმა თამაშში გიორგი მიქაუტაძე და ვაკო ყაზაიშვილი ჩართო და სწორედ მათ შექმნეს მეხუთე გოლი, თანაც ეს მოედანზე შესვლიდან სამ წუთში გააკეთეს. მიქაუტაძის შესანიშნავი პასით ყაზაიშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ანგარიში 5:1 გახადა. ბულგარეთმა დარჩენილ დროში ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და თავი ილიან სტეფანოვმა გამოიჩინა. ბოლოს, მე-6 გოლთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ნიკა კვეკვესკირმა პენალტი გააცუდა და ბურთი ძელს გაარტყა.

საბოლოოდ, 5:2 და საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან სტუმრად მიჯრით განცდილი 4 მარცხის შემდეგ ნავსი გატეხა.

რაც მთავარია, ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფის სათავეშია 6 ქულით და ორ მატჩში 9 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.

ბულგარეთი - საქართველო 2:5 (0:2)

რაზგრადი, „ლუდოგორეც არენა“

ბულგარეთი (4-4-2): მიჰაილოვი; ტურისტოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46); ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი (სტეფანოვი 46), დესპოდოვი; მინჩევი (იანკოვი 64), ა. ილიევი

მწვრთნელი: იასენ პეტროვი

საქართველო (3-4-3): ლორია; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე, აბურჯანია (74. გვილია), კვეკვესკირი, აზაროვი; დავითაშვილი (მამუჩაშვილი 74), ზივზივაძე (მიქაუტაძე 67), კვარაცხელია (ყაზაიშვილი 67)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ა. ხრისტოვი (31, ა.გ), 1:2 ილიევი (50), 1:3 ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელი (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)

გაფრთხილება: დესპოდოვი (32), ა. ხრისტოვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 18 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.083786