ჩოგბურთი

19:45 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი მეორედ გახდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა სვიატეკმა მეორედ მოიპოვა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონის წოდება. ტურნირის ფინალში მან იოლად, 6-1, 6-3 მოუგო ამერიკელ თინეიჯერ კორი გოფს. ამგვარად, სვიატეკი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ქალი, ვისაც საფრანგეთის ღია, ერთზე მეტჯერ აქვს მოგებული.

21 წლის პოლონელმა ძალით, გაწონასწორებულობით და სიზუსტით აჯობა 18 წლის მეტოქეს, რომელმაც შეხვედრა ცუდად დაიწყო და თამაშის შემობრუნების საშუალება აღარც მისცემია.

ყველაფერთან ერთად, სვიატეკმა, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ გახდა, რაც ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ მოულოდნელად შეწყვიტა თავისი კარიერა, ზედიზედ 35-ე შეხვედრა მოიგო. ამ მაჩვენებლით, მან ერთით გადაასწრო სერენა უილიამსის 2013 წლის მიღწევას და გაუტოლდა ვენუს უილიამსის 2000 წლის წაუგებელ სერიას.

პოლონელმა თავიდანვე დაიწყო მეტოქის განადგურება და 4-0 დაწინაურდა. გოფმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ერთი გეიმის აღება, რაზეც სვიატეკმა ორით უპასუხა. გოფმა ერთხელ სეტ პოინტი კი მოიგერია, მაგრამ პოლონელმა მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და პირველი სეტი, ნახევარ საათზე ოდნავ მეტში დაასრულა.

მეორე სეტში გოფი გამოცოცხლდა და 2-0 დაწინურდა. ამან ტრიბუნც გამოაცოცხლა - მაყურებელს ხანგრძლივი თამაშის ხილვა სურდა და გოფის გამხნევება დაიწყო. მეოთხე გეიმში, როდესაც ანგარიში 2-1 იყო გოფის სასარგებლოდ, სვიატეკი 30-0 დაწინაურდა. გოფმა ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სეტში ანგარიში 2-2 გახდა.

ამას სვიატეკმა ზედიზედ სამი გეიმის მოგებაც მოაყოლა (5-2). გოფმა მხოლოდ ერთი გეიმიღა მოიგო და ფინალური შეხვედრის დაწყებიდან 68 წუთში, ფარ-ხმალი დაყარა.

ტრიუმფის შემდეგ, სვიატეკის პირველი სიტყვები იყო: „მინდა, უკრაინელას რაღაც ვუთხრა, გამაგრდი, ომი ჯერ არ დასრულებულა“!

0.139271