ძიუდო

15:10 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემი: 3 მედლის შანსი და 2 ფინალისტი მეორე საშეჯიბრო დღეს

ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი გრძელდება, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს 11 ქართველი ძიუდოისტი ჩაება საქმეში და 2 მათგანი ფინალშია, ხოლო ერთიც ბრინჯაოსთვის იბრძვის.

73 კგ წონით კატეგორიაში ფინალშია ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგკი, ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა და ტაჯიკი მუჰამადრაჰიმ სარახონოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ლაშამ ქართულ დუელში გიორგი ტერაშვილს აჯობა. ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი კენ ოიოში იქნება.

ტერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და მისი მეტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იქნება. გიორგიმ შავდათუაშვილთან ნახევარფინალში წაგებამდე უკრაინელი არტიომ ხომულა, მოლდოველი კორნელ ანდრიესი და უზბეკი მურდიონ იულდოშევი დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის შეხვედრამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა გიორგი ჩიხელიძეს, რომელმაც რუმინელი ალექსანდრულ რაიცუ და აზერბაიჯანელი ტელმან ვალიევი დაამარცხა, თუმცა ჯერ მეოთხედფინალში კენ ოიოშისთან დამარცხდა და მერე რეპეშაჟში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან. უმედლოდ დარჩა ფრიდონ გიგანი, რომელმაც ტაჯიკი მაჰამადშარიფ ნაიმუდინოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ მოლდოველ პეტრუ პელივანთან თვითონ წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

81 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ტატო გრიგალაშვილი გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკი მუჰამადიონ აბდუიალილოვი, პუერტო რიკოელი ადრიან განდია, იტალიელი ტიციანო ფალკონე და აზერბაიჯანელი ზელიმ ტჩკაევი დაამარცხა, ხოლო ფინალში სამხრეთკორეელ ჯოონჰვან ლის გაეჯიბრება. ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.

ამავე წონაში უმედლოდ 2 ქართველი დარჩა. გიორგი შერაზადიშვილმა ბელგიელი აბდულ მალიკ უმაიევი დაამარცხა, მაგრამ მერე ტიციანო ფალკონესთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა. დიმიტრი გოგლიჩიძემ თბილისის გრანდ სლემი უკრაინელი სერგეი კრიჩაჩის ძლევით დაიწყო, მაგრამ მერე უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან დამარცხდა, ხოლო ლევან გუგავამ პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი მოლდოველი ვიქტორ სტერპუს წინააღმდეგ.

დღესვე ქალთა შორის სამი წარმომადგენელი გვყავდა, მაგრამ სამივე პირველი წრეში დამარცხდა. 63 კგ წონით კატეგორიაში რეგინა უთნელიშვილმა ფრანგ მანონ დეკეტერთან და მარიამ ტყეშელაშვილმა ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან განიცადა მარცხი, ხოლო 70 კგ წონით კატეგორიაში ინდირა სილაგაძე ბრაზილიელ ლუანა კარვალიოსთან დამარცხდა.

ამრიგად, მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნის აქტივში 5 მედალია - 1 ოქრო (თემურ ნოზაძე), 2 ვერცხლი (გიორგი სარდალაშვილი და გიორგი თუთაშვილი), 2 ბრინჯაო (ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი).

0.112649