ალვარო მორატამ ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩში გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ესპანეთის ნაკრებში 26-ე იყო და „ფურია როხას“ ყველა დროის ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზე აღზევდა.
მორატამ თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
„მომავალი? ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, არაფრის გაკეთება შემიძლია. კონცენტრირებული უნდა ვიყო და გავაგრძელო ნაკრებში მუშაობა, მერე ვნახოთ. ჩემი მეუღლე და ბავშვები სადაც უნდა წავიდე, ყველგან გამომყვებიან. ბევრი ვარიანტი მაქვს, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მხოლოდ მუშაობა შემიძლია და ვნახოთ რა მოხდება. კარგი ისაა, რომ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. მინდა, იქ წავიდე, სადაც შემიყვარებენ და ყველაზე მეტად დამაფასებენ. ბოლო ორ ადგილას, სადაც ვიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი“, - თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას ორწლიანი იჯარა „იუვენტუსში“ ამოიწურა. ტურინულ კლუბს მისი გამოსყიდვა სურს, მაგრამ მხოლოდ 15-20 მილიონ ევროდ, მაშინ, როცა „ატლეტიკო“ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს ითხოვს. ამიტომაც, დიდი შანსია, მომდევნო სეზონში ალვარომ „იუვეში“ არ ითამაშოს.