ავტოსპორტი

2:18 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ერიკსონმა ინდი 500 მოიგო

ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლა, დრამატულ ბრძოლაში შვედმა მარკუს ერიკსონმა მოიგო. თვითონ რბოლამ კი მსოფლიოში ყველაზე დასწრებადი ერთდღიანი შეჯიბრის ტიტული დაიბრუნა - კვირის რბოლას 300 ათასი მაყურებელი დაესწრო.

200-წრიან რბოლაში, მთავარი მოვლენები ბოლო ექვს წრეზე მოხდა, როცა ჯიმი ჯონსონი ბალახზე გადავიდა, იქიდან კი ტრასაზე დაბრუნდა და კედლს დაეჯახა. ბედად, პილოტი უვნებელი გადარჩა, მაგრამ ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს - რბოლა შეწყდა და ყველამ პიტ ლეინს მიაშურა.

მანქანების ტრასაზე დაბრუნების და გასახურებელი წრის გავლის შემდეგ, ფინიშამდე სულ ორი წრე დარჩა. გამარჯვებისთვის ერიკსონმა და მექსიკელმა პატო ო’ვარდმა იბრძოლეს. შვედმა ბოლო მომენტში მომენტში შეძლო მეტოქის ჩამოტოვება და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ერიკსონი მეორე შვედია, ვინც ინდი 500-ის მოგება შეძლო. პირველმა ეს კენი ბრაკმა გააკეთა (1999 წელს). მან ჩიპ განასის გუნდს ინდიზე მეხუთე გამარჯვება მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ერიკსონმა ფორმულა 1-ში რამდენიმე სეზონი გაატარა და 97 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კვარცხლბეკზე ერთხელაც არ ასულა. ინდიქარ-ში კი გაცილებით უკეთესი კარიერა აქვს. თუმცა განასის გუნდის ხუთი პილოტიდან, მისგან გამარჯებას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ.

„ფორმულა ერთში თითქმის 100 რბოლაში მივიღე მონაწილეობა. მაგრამ მხოლოდ სუსტ გუნდებში ვიყავი. და როცა უკანა რიგებში იბრძვი, ყურადღებას არავინ გაქცევს. ფ1-ში ამ დროს ფიქრობენ, რომ კარგი პილოტი არ ხარ. აქ გადმოსულს კი იმის შანსი გამიჩნდა, რომ ინდიქარ-ის და ინდი 500-ის ჩემპიონი გავმხდარიყავი. ეს რთულია, იოლი ნამდვილად არაა. მაგრამ ბევრს ვმუშაობ და როგორც ხედავთ, შედეგიც მაქვს“, - განაცხადა ერიკსონმა.

შვედის თანაგუნდელთაგან, ახალზელანდიელმა სკოტ დიქსონმა, ვინც რბოლის დიდი ნაწილი ლიდერის როლში გაატარა, ბოლო პიტ სტოპზე შეცდომა (სიჩქარეს გადააჭარბა, რისთვისაც დაჯარიმდა) დაუშვა და მოგების შანსი დაკარგა. ინდიქარ-ის მოქმედ ჩემპიონს, ესპანელ ალექს პალოუს იღბალმა აქცია ზურგი - პიტ სტოპი რომ დააპირა, პიტლეინი დახურული დახვდა. ჯონსონს ფინიშამდე ექვსი წრით ადრე მოუვიდა ავარია. ბრაზილიელმა ტონი კანაანმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

0.118858