ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ერამ, ბრილიანტის ლიგის იუჯინის შეხვედრაზე, 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა. მან უკან მოიტოვა მტავარი მეტოქე, ამერიკელი შა’ქარი რიჩარდსონი, ვინც მეორე ადგილს დასჯერდა. მამაკაცთა 100 მეტრზე სპრინტში კი ამერიკელმა ტრეივონ ბრომელმა გაიმარჯვა.
თომპსონ-ერამ ფინიშს 10.79 წამში მიაღწია და 0.13 წამით აჯობა რიჩარდსონს. იამაიკელმა ზედიზედ მეორედ მოიგო იუჯინის (შტატი ორეგონი) ბრილიანტის ლიგის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ იუჯინის სპორტული კომპლექსი ჰეივორდ ფილდი მალე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპოინძლებს.
„მთავარია, რომ ჯანმრთელად ვარ. ამ ეტაპზე, ჩემს დროზე არ ვფიქრობ. ფორმაში თანდათან შევდივარ და ეს ისაა, რაც მინდა“, - განაცხადა თომპსონ-ერამ, ვისაც პერიოდულად, მხრის და აქილევსის მყესის ტრავმები აწუხებს.
მესამე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი იამაიკელი, შერიკა ჯეკსონი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რიჩარდსონი თომპსონ-ერას მთავარ კონკურენტად არის მიჩნეული. ის ტოკიოს ოლიმპიადაზეც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ მარიხუანას მოხმარების გამო, ოლიმპიადაზე არ დაუშვეს.
მამაკაცთა სპრინტში, ბრომელმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და გამარჯვების აღსანიშნად, ხელები მანამ გაშალა, სანამ ფინიშის ხაზს (9.93 წამში) გადალახავდა. მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ამერიკელებმა, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ფრედ კერლიმ და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კრისტიან კოულმენმა.
„მიხარია, რომ გავიმარჯვე, მაგრამ ტექნიკური ხინჯები მქონდა და დარწმუნებული ვარ, ჩემი მწვრთნელი მათ შესახებ უკვე მესიჯს მწერს“, - განაცხადა ბრომელმა.
ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა მოიგო. თუმცა მანც განაცხადა, რომ იამაიკის ნაკრების შესარჩევ ტურნირამდე, ბევრი სამუშაო ელის.
კენიელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფაით კიპიეგონმა 1 500 მეტრზე, სეზონის საუკეთესო შედეგით (3:52.59) გაიმარჯვა. ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენში კი ყველაზე სწრაფი, პუერტო რიკოელი ოლიმპიური ჩემპიონი, ჟასმინ კამაჩო-ქვინი იყო (12.45 წამი).
მამაკაცთა შორის 5 000 მეტრზე სირბილში, დიდი უპირატესობით მოიგო ეთიოპიელმა ბერიჰუ არეგავიმ. მანაც სეზონის საუკეთესო დრო დააფიქსირა და უახლოეს მდევარს 16 წამით აჯობა.