იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია. სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში „მონცამ“ გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად სერია A-ში ითამაშებს.
ლომბარდიელებმა ფინალში „პიზას“ აჯობეს, ძალიან დრამატულ ბრძოლაში. ამ გუნდების პირველი მატჩი მონცელებმა შინ 2:1 მოიგეს, ხოლო პიზაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:2. აღსანიშნავია, რომ „პიზა“ მე-9 წუთისთვის 2:0-ს იგებდა, „მონცამ“ 79-ე წუთისთვის გაათანაბრა (2:2), ხოლო ბოლო წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს.
აი, დამატებით დროში „პიზა“ ვერაფერს გახდა, ორი გოლი გაუშვა და მეტოქესთან ფინალის მეორე მატჩიც წააგო 3:4. შედეგად, „მონცა“ სერია A-ში აღზევდა, იქ, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა. "მონცა" 69-ე გუნდი გახდა, რომელსაც სერია A-ში ერთი სეზონი მაინც ექნება გატარებული.
და რა თქმა უნდა, აღსანიშნავი ფაქტი: „მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი. ცნობილმა დუეტმა ეს კლუბი ჯერ სერია C-დან სერია B-ში დააწინაურა, შარშან კი ძალიან ცოტა დააკლდა ელიტამდე, თუმცა, მიზანს ამჯერად მაინც მიაღწიეს.
აქვე გეტყვით, რომ „მონცას“ გარდა სერია A-ს საგზური მანამდე პლეი-ოფის გარეშე „ლეჩემ“ და „კრემონეზემ“ მოიპოვეს.