ფეხბურთი

14:47 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "რეალიდან" ბედნიერი მივდივარ, ახლა ევროპაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდა"

მადრიდის „რეალს“ მარსელო დაემშვიდობა. 34 წლის სამხრეთამერიკელმა აღნიშნა, რომ კლუბიდან, სადაც 15 წელი გაატარა, ბედნიერი მიდის. მარსელომ ამ ეტაპზე ბრაზილიაში დაბრუნება გამორიცხა და თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ისევ უნდა.

„წარმოუდგენელი ემოციაა. ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი „რეალში“, მაგრამ ბედნიერი ვარ. არ არის სევდიანი დღე, დიდი ბედნიერებით მივდივარ. მადლობა გულშემატკივრებს ჯადოსნური საღამოებისთვის, რომლებიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მქონდა. გამიმართლა, რომ „რეალის“ კაპიტანი ვიყავი, წასვლის წინ თასი ავწიე. ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოვიგე და ამაზე უკეთ ვერ წავიდოდი.

არა, ამ მომენტში ბრაზილიაში არ ვაპირებ დაბრუნებას. მინდა, ისევ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო. რამდენიმე წელი მაქვს იმისთვის, რომ ამ ტურნირზე თამაში შევძლო. არ მინდა მოგატყუოთ, ზოგი ამბობს, რომ „ბოტაფოგოში“ წავალ, ზოგიც „ფლუმინენსეს“, მაგრამ არა, იქ არ წავალ“, - თქვა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან თამაშობდა და 546 მატჩში 38 გოლი გაიტანა. 34 წლის ბრაზილიელმა ესპანურ გრანდში 25 ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.

0.120737