სხვა

4:02 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს მალია როსა ჰინდლიმ ბოლოსწინა ეტაპზე გადაიბარა

ეკვადრელ რიჩარდ კარაპასს ჯიროზე მეორე ტრიუმფთან ორი ეტაპიღა აშორებდა. მაგრამ მცირე უპირატესობის შენარჩუნება ბოლოსწინაზევე ვერ შეძლო. ავსტრალიელმა ჯეი ჰინდლიმ გაასწრო და ახლა ისაა ვარდისფერ მაისურში. დროზე რბოლის წინ, ის მეორეზე გადასულ კარაპასს წუთსა და 25 წამს უგებს.

მე-20 ეტაპი იტალიელმა ალესანდრო კოვიმ მოიგო, ვისი ლიდერობაც პელოტონისთვის მნიშვნელოვანი არ იყო. მან კარიერაში პირველად მოიგო ჯიროს ეტაპი. თან ეს ურთულეს ეტაპზე გააკეთა, რომლის დროსაც, მონაწილეებმა მარშრუტის ყველაზე მაღალი წერტილი, პორდოის გადასასვლელი გაიარეს.

ბოლო აღმართ პასო ფედაიაზე ასვლისას, კარაპასს „ინეოს გრენადერსის“ თანაგუნდელები მიუძღოდნენ და თითქოს, ხიფათი არსაიდან ჩანდა. ჰინდლიმ, ვინც ჯიროზე 2020 წელს მეორე ადგილი დაიკავა, ბოლო ორ კილომეტრზე შეტევა გადაწყვიტა. ეს მისი ბოლო შანსი იყო. და ავსტრალიელმა ეს შანსი კარგად გამოიყენა. კარაპასს კი ამ მომენტისთვის ძალა გამოლეული ჰქონდა და მას ვერც თანაგუნდელებმა გაუწიეს დახმარება.

საბოლოოდ, ჰინდლიმ (ბორა-ჰანსგრო) ჯიროს 2019 წლის ჩემპიონ კარაპასს თითქმის წუთნახევრით აჯობა. მესამე ადგილზე კვლავ ესპანელი მიკელ ლანდაა.

ველომარათონი ვერონაში, 17.1-კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლით, კვირას დასრულდება.

0.124967