კალათბურთი

10:35 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩი სამმაგი დუბლის ზღვარზე და "დალასის" რეკორდი - "მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტთან" ანგარიში შეამცირა (VIDEO)

ლუკა დონჩიჩის შრომამ ამჯერად შედეგი გამოიღო და „დალას მავერიკსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ სერიაში ანგარიში შეამცირა (1:3). მათ "მშრალი" მარცხის თავიდან აცილება შეძლეს და მეხუთე მატჩი ხუთშაბათს, სან-ფრანცისკოში გაიმართება.

სხვათა შორის, NBA-ს ისტორიაში არცერთ გუნდს არ მოუგია სერია 0:3 მარცხის შემდეგ. ასევე 146 გუნდიდან მხოლოდ სამმა შეძლო სერიის მეშვიდე მატჩამდე გახანგრძლივება.

შეხვედრა ჯეისონ კიდის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. განსაკუთღებით შედეგიანი მეორე და მესამე პერიოდები გამოდგა, როდესაც „დალასმა“ ჯერ 34:23, ხოლო შემდეგ 37:23 მოიგო და დასკვნით 12-წუთეულს 29-ქულიანი ფორით შეხვდა.

„მავერიკსის“ კალათბურთელებმა ბოლო მეოთხედში მხოლოდ 20 ქულის ჩაგდება მოახერხეს, მეტოქე გუნდმა კი 19 ბურთი გაქვითა, თუმცა, ეს სერიის დასასრულებლად საკმარისი არ გამოდგა და მატჩი 119:109 დასრულდა.

დონჩიჩს პლეი ოფის ამ სეზონში პირველ სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. საერთო ჯამში, სლოვენიელმა ფორვარდმა 26 სროლიდან 10 გამოიყენა და მისი მონაგარი 30 ქულა, 14 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა იყო. მან 11-დან 3 სამქულიანი, 15-დან 7 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ლუკას 49 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული, მათ შორის (46 რეგულარულ სეზონში, 3 პლეი ოფში).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ თამაშის ყურება მარტო იმიტომ ღირდა, რომ დონჩიჩის 180 გრადუსიანი ალე უპი გენახათ.

"მე მაინც მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შეხვედრა მოიგე. მატჩიდან მატჩში უნდა მოვუმატოთ და ბოლომდე გვჯეროდეს“, - განაცხადა სლოვენიელმა.

აქვე გეტყვით, რომ "დალასის" კალათბურთელებმა ამ შეხვედრაში 43-დან 20 სამქულიანი ჩააგდეს. "მავერიკსი" ამ სეზონში პლეი-ოფის მე-11 მატჩში 15 სამქულიანს მინიმუმ აგროვებს - ეს კი NBA-ს რეკორდია.

აღსანიშნავია ისიც, რომ American Airlines Center-ში მეორე ტაიმის დაწყება 16 წუთით დაგვიანდა, რადგან ძლიერმა წვიმამ სახურავიდან რამდენიმე ადგილას გაჟონა, მათ შორის გუნდების სათადარიგოთა სკამთან და თავად მოედანზეც.

გეტყვით, რომ დონჩიჩის გარდა გამარჯვებაში დიდი წვლილი დორიან ფინი სმიტმა და რეჯი ბალოკმა შეიტანეს. პირველმა მათგანმა 23 ქულის, 6 მოხსნისა და 2 პასის გაკეთება შეძლო, ხოლო ბალოკმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 18 ქულასთან ერთად 2-2 მოხსნა-პასი გამოიმუშავა.

„გოლდენ სტეიტიდან“ ტრადიციულად სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტეფს 5-დან 2 სამქულიანი, 11-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჰქონდა. მას თანაგუნდელებიდან მხარი კონგოელმა კალათბურთელმა ჯონათან კუმინგამ აუბა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

ამროგად, ლუკამ და კამპანიამ სერიაში ანგარიში 3:1-მდე შეამცირეს, დონჩიჩმა საკუთარი გუნდი 4 საუკეთესოში გაიყვანა, ახლა კი დაველოდოთ, შეძლებს თუ არა სერიის 7-მატჩამდე გაგრძელებას. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 27 მაისს შედგება.

0.120382