სხვა

0:39 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაუნმა და აშერ-სმიტმა ბირმინგემში 100 მეტრზე სპრინტები მოიგეს

ბირმინგემში გამართულ მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე, ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, ბრიტანელმა დინა აშერ-სმიტმა გაიმარჯვა, ვინც სულ რაღაც 0.01 წამით ჩამოიტოვა იამაიკელი შერიკა ჯეკსონი. მამაკაცთა შორის 100 მეტრი კი კანადელმა აარონ ბრაუნმა მოიგო.

მამაკაცთა გარბენი იმით დაიწყო, რომ ფალს სტარტების გამო, სტარტიდან მოიხსნენ ფავორიტი ამერიკელი ტრეივონ ბრომელი და ბრიტანელი ჟარნელ ჰიუზი. საბოლოოდ, ბრაუნს გასამარჯვებლად 10.13 წამიც ეყო. მეორეზე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, იამაიკელი იოჰან ბლეიკი გავიდა (100.18), მესამე ადგილი კი კანადელმა ჯერომ ბლეიკმა (10.20) დაიკავა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი კანადელი, ანდრე დე გრასე.

„მიხარია, რომ გავიმარჯვე. ჩემი გეგმის შესაბამისად, ფინალში ისე უნდა მერბინა, როგორც ვარჯიშზე. ესტაფეტაც სარბენი მაქვს. მოკლედ, ერთ შეხვედრაზე სამი სტარტი. ძნელია, მაგრამ მე ეს მომწონს“, - განაცხადა ბრაუნმა.

აშერ-სმიტი 200 მეტრზე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონია. მან ფინალში ყველა მეტოქე დაჯაბნა და ფინიში 11.11 წამში გადაკვეთა. გამარჯვებულს ჯეკსონი 0.01 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ბრიტანელმა დერილ ნეიტამ დაიკავა (11.14).

ბირმინგემში არ უასპარეზია ოლიმპიურ ჩემპიონს იამაიკიდან, ელეინ თომპსონ-ერას. ის ამ სეზონში მსოფლიო რეკორდის დამყარებას გეგმავს და ეს ყოველ შეხვედრაზეა მოსალოდნელი. მაგრამ ვარჯიშის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და შეჯიბრზე აღარ გამოვიდა.

ქალთა შორის 1 500 მეტრზე სირბილში, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა, შოტლანდიელმა ლაურა მუირმა, ზურგის პრობლემების მოშუშების შემდეგ, პირველად იასპარეზა და გაიმარჯვა.

400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო ჩემპიონმა, ამერიკელმა დალილა მუჰამადმა ფინიშს 54.54 წამში მიაღწია და უკან ჩამოიტოვა უკრაინელები ვიკტორია ტკაჩუკი და ანა რიჟიკოვა, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

მამაკაცთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, კანადელმა ჯანგო ლოვეტმა გაიმარჯვა, ვინც 2.28 მეტრზე გადახტა. მეორე ადგილს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ჯანმარკო ტამბერი (2.25).

მამაკაცთა 110 მეტრზე თარჯრბენი იამაიკელმა ჰანსლ პარშმენტმა მოიგო. მან სეზნში მსოფლიოს საუკეთესო დრო - 13.09 წამი დააფიქსირა. 5 000 მეტრზე გარბენი კი ეთიოპიელი დავიტ სეიაუის გამარჯვებით დასრულდა.

ბრილიანტის ლიგის მესამე შეხვედრას, ამერიკის იუჯინი მომდევნო შაბათს უმასპინძლებს.

0.119109