სხვა

3:14 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ კლიჩკო აღიარებს, რომ ფიურისთან მეორედ შეხვედრა სურდა

ვლადიმირ კლიჩკო ამბობს, რომ სურდა, სპორტში დაბრუნებული ტაისონ ფიურისთვის, განმეორებითი შეხვედრა შეეთავაზებინა. მძიმე წონაში უკრაინელი მოკრივის დომინაცია 2015 წელს, სწორედ ფიურიმ შეწყვიტა, როცა მსაჯთა ერთსულოვან გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

მათი კონტრაქტი რემატჩს ითვალისწინებდა, რომელიც მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში უნდა გამართულიყო. მაგრამ ორჯერ გადაიდო. შემდეგ კი, ფიურის ტრავმის და დეპრესიის გამო, საერთოდაც ჩაიშალა.

მოკლედ, მეორე შეხვედრა არ შედგა, კლიჩკო კი სხვა ბრიტანელს, ენტონი ჯოშუას შეხვდა (2017 წელს) და მასთან ტექნიკური ნოკაუტით წაგების შემდეგ, კარიერა დაასრულა.

ახლა კი, როდესაც დილიან უაითთან გამარჯვების შემდეგ, ფიურიმაც წასვლა გადაწყვიტა, კლიჩკომ ნახევრად ხუმრობით აღიარა, რომ სოციალურ მედიაში, ფიურისთვის ბრძოლის შეთავაზებას აპირებდა.

„უნდა მიმეწერა - ბოლო ცეკვა ხომ არ გაგვემართა? მინდოდა ჯორჯ ფორმენის რეკორდი მომეხსნა და მძიმე წონაში, ყველაზე ხნიერი ჩემპიონი გავმხდარიყავი. მაგრამ რადგან მან კრივიდან წასვლა გადაწყვიტა, მე კი ახლა სულ სხვა სამყაროში მაქვს გონება“, - ამბობს კლიჩკო, ვინც თავის ძმასთან, ასევე ყოფილ ჩემპიონთან, ამჟამად კი კიივის მერ ვიტალი კლიჩკოსთან ერთად, უკრაინის რეზერვისტებშია ჩაწერილი.

ვლადიმირ კლიჩკო ამბობს, რომ სიამოვნებით დაბრუნდება რინგზე, რათა ფორმენის რეკორდი გააუმჯობესოს. ლეგენდარულმა ამერიკელმა ბოლოს ჩემპიონის სარტყელი 46 წლისამ და 169 დღისამ მოიპოვა. მძიმე წონას მანამდე ასეთი ხნიერი ჩემპიონი არ ჰყოლია. კლიჩკოს 46 წელი მარტში შეუსრულდა. ფორმენის რეკორდის ასაკს კი სექტემბერში მიაღწევს.

ფიური ამბობს, რომ პენსიაში ყოფნა სასიამოვნოა და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. თუმცა WBC-ს ტიტული ვაკანტურად ჯერ არ გამოუცხადებია. ფიურის მწვრთნელი ამბობს, რომ მისი შეგირდი კვლავაც აგრძელებს ვარჯიშს. პრომოუტერი ედი ჰერნი კი დარწმუნებულია, რომ ფიური ჯოშუას და ოლეკსანდრ უსიკის შეხვედრას ელოდება, რათა გამარჯვებულს თავად შეხვდეს და კრივის ყველა პრესტიჟული გაერთიანების სარტყელს დაეუფლოს.

0.117716