ევროლიგის ოთხთა ფინალში ნახევარფინალები გაიმართა და გაირკვა, რომ ფინალში მადრიდის „რეალი“ „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება.
„სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში დაუძინებელი მტერი, „ბარსელონა“ დაამარცხა. თამაში ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო. საბოლოოდ, „რეალმა“, რომელმაც განსაკუთრებით კარგად მეორე პერიოდი ჩაატარა (26:15), 86:83 იმარჯვა და ფინალში ითამაშებს.
მადრიდელთა რიგებში ფაბიენ კაუზე გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, იგივე შედეგი ჰქონდა, თან 8 მოხსნაც დაუმატა ესპანელთა კიდევ ერთმა ფრანგმა ლეგიონერმა გერშონ იაბუსელემ. „ბარსას“ ნიკოლა მიროტიჩის 26 ქულამ და 12 მოხსნამ ვერ უშველა.
მეორე ნახევარფინალიც დაძაბული იყო, რომელშიც „ანადოლუ ეფესმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 77:74 დაამარცხა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და განსაკუთრებული უპირატესობა არცერთს ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება თურქულ გუნდს დარჩა.
„ეფესს“ შეინ ლარკინმა 21 ქულით და 7 მოხსნით ულიდერა, მაგრამ კარგი თამაში ჰქონდათ ელია ბრაიანტსა და ვასილი მიჩიჩს, რომლებმაც შესაბამისად, 16 და 15 ქულა დააგროვეს.
ამრიგად, 21 მაისს, მესამე ადგილისთვის „ბარსელონა“ და „ოლიმპიაკოსი“ შეხვდებიან, ხოლო იმავე დღეს ევროლიგის ჩემპიონს „რეალისა“ და ანადოლუ ეფესის“ შეხვედრა გამოავლენს.