რაგბი

17:45 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის კავშირსა და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რაგბის კავშირსა და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის მოედანზე მოეწერა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის, სპეციალური საჭიროებისა და ტიპური განვითარების ბავშვებისთვის, უკვე ორი კვირაა ვარჯიშები იმართება.

ამ წამოწყების ინიციატორი მალხაზი ჩაჩავაა, რომელიც თავადაა შეზღუდული შესაძლებლობების პირი, თუმცა რაგბზე ბავშვობიდან დადიოდა. მას შემდეგ, რაც მან ვეღარ შეძლო დიდი რაგბის თამაში, გამოვიდა ინიციატივით, რომ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის შექმნილიყო სპეციალური სავარჯიშო პროგრამა და ეს ინიციატივა რაგბის კავშირმა აიტაცა, მეგობრების დახმარებით კი, უკვე მისი განხორციელება დაიწყო. ამავდროულად, მალხაზ ჩაჩავა რაგბის კავშირშის თანამშრომელია და სოციალური პროექტების მიმართულებით მუშაობს.

მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ მოაწერეს.

ბაჩო ხურციძე: „რაგბის კავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორმაგად სასიხარულოა, რომ ინიციატივა ჩვენი უმცროსი მეგობრის, მალხაზი ჩაჩავასგან მომდინარეობს, რომელიც რაგბზე სიგიჟემდეა შეყვარებული. რაგბი აქამდე არ იყო პარასპორტში ჩართული და მოხარულები ვართ ამ კეთილშობილ საქმეში მონაწილეობით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტაბილურ სახეს მიიღებს და არაერთ წელს გაგრძელდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მალხაზიკოს. ის ჩვენი თანამშრომელია, ჩართული იქნება არაერთ სოციალურ პროექტში და ვამაყობ, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი შემოუერთდა ჩვენს გუნდს“.

ხათუნა საგანელიძე: „ამ მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის უნიკალური პროექტი. ბავშვთა განვითარების პარასპორტის ასოციაციას აქამდე ყავდა ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის და ცხენოსნობის გუნდები. რაგბის კავშირის და მალხაზ ჩაჩავას ინიციატივას დიდი სიხარულით დავთანხმდით. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განვითარებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ნიუ ვიჟენის დახმარებით და მხარდაჭერით, პროექტმა სწრაფად წაიწია წინ. წარმატებას ვუსურვებ მათ ამ კეთილ საქმეში და ველოდებით უფრო მეტ მეგობარს ჩვენთან ურთიერთობისთვის“.

„პროექტი გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში. ყველა შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სპეციალური საჭიროების ბავშვი უნდა გამოვიდეს ჩაკეტილი სივრციდან. ისინი უნდა დავაინტერესოთ სპორტით და მშობლებს გავაგებინოთ, რომ მათ შვილებს ყველაფერი გამოუვათ. ამას ბავშვები თავად დაამტკიცებენ და ეს განავითარებს როგორც ამ ბავშვების ფიზიკურ კეთილდღეობას,, ისე მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“.

მალხაზ ჩაჩავა: „მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს. ჩემი ოცნება იყო პარარაგბის დანერგვა, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და თითოეული ბავშვისთვის. მე ვიყავი ‘ლელოში’ და ბ ლიგის შემდეგ მივხვდი, რომ თამაშს ვეღარ ვახერხებდი. გამიჩნდა იდეა და სურვილი, რომ განმეხორციელებინა ეს პროექტი. რაგბის კავშირი და სპონსორები გვერდში დამიდგნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ეს გამოცდილება გამოადგება როგორც რაგბს, ასევე ამ ბავშვებს“.

ნონო ანდღულაძე (რაგბის კეთილდღეობის დირექტორი): „შშმ და სსმ ბავშვები ამ პროექტით გაეცნობიან და დაუახლოვდებიან რაგბს. ისინი რაგბის მეშვეობით გაერთობიან და ამავდროულად, მოხდება მათი ინტეგრაცია თანატოლებთან. შევეცდებით, რომ მათთვის მოვაწყოთ ფესტივალები, ვატაროთ სანაკრებო თამაშებზე და მეტი ჩართულობა ქონდეთ სარაგბო ღონისძიებებში. უკვე არის მოთხოვნა ქუთაისიდან, სხვა რეგიონებიდან და ვეცდებით მაქსიმალურად მეტ ბავშვს ჩავუტანოთ რაგბი“.

RUGBY.GE

0.12293