ფეხბურთი

19:20 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის საჩემპიონო ინტრიგა ცოცხალია: "მანჩესტერ სიტიმ" ვერ მოიგო

პრემიერლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ბოლო ტურის წინ ისევ ცოცხალია. „მანჩესტერ სიტიმ“ 37-ე ტურში სტუმრად „ვესტ ჰემთან“ წაიფორხილა და „ლივერპულს“ შანსი დაუტოვა, მაგრამ ჯერ ყველაფერი ისევ პეპ გვარდიოლას გუნდზეა დამოკიდებული.

„მანჩესტერ სიტიმ“ „ჩაქუჩებთან“ პირველ ტაიმში საშინლად ითამაშა და ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩა. ორივე გოლი ლონდონელთა შემტევმა ჯარედ ბოუენმა გაიტანა და „ლივერპულის“ საჩემპიონო ამბიცია გააცოცხლა. თუმცა, „ვესტ ჰემმა“ მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ იყო და ჯეკ გრილიშმა გაათანაბრა, მერე მაიკლ ანტონიომ ფერნანდინიოს საჩუქარი ვერ შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარს ააცილა. 69-ე წუთზე კი ვლადიმირ ცოუფალმა საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.

„სიტიმ“ მოსაგებად იდეალური შანსი 86-ე წუთზე მიიღო, მაგრამ ლუკაშ ფაბიანსკიმ რიად მაჰრეზის პენალტი მოიგერია და პრემიერლიგაში ინტრიგა ისევ ცოცხლობს.

„მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ პოტენციურად სხვაობა მხოლოდ ერთქულიანია, რადგან იურგენ კლოპის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „წითლები“ თავიანთ დარჩენილ ორივე შეხვედრას თუ მოიგებენ, ბოლო ტურში „ასტონ ვილას“ უნდა უქომაგონ, რომლის წინააღმდეგ „სიტის“ სეზონის დარჩენილი ერთადერთი მატჩი აქვს გასამართი.

და, ვინ არის „ასტონ ვილას“ მწვრთნელი? სტივენ ჯერარდი. ინტრიგა მართლაც ცოცხალია.

„ვესტ ჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ბოუენი (24), 2:0 ბოუენი (45), 2:1 გრილიში (49), 2:2 ცოუფალი (69, ა.გ)

0.112822