ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ბეტისთან“ წაგების (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან არ დამალა უკმაყოფილება კლუბის ხელმძღვანელობის მიმართა.
ბორდალასმა თქვა, რომ უგო დურო კლუბმა ისე გამოისყიდა, რომ მისთვის აზრი არ უკითხავს, ასევე აღნიშნა, რომ ყველა გუნდი ძლიერდება - „ვალენსიას“ გარდა.
„სპორტულმა დირექტორმა დამირეკა და უგო დუროს გამოსყიდვის შესახებ მითხრა. ეს კლუბმა გადაწყვიტა, ჩემთვის აზრი არ უკითხავთ. კლუბში ფიქრობენ, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და კარგი სეზონი აქვს. აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, ჩემთვის რომ ეკითხათ, რას ვიტყოდი, უგო დურო ჩვენი ფეხბურთელია და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გაიზარდოს.
გუნდი ემოციურად გატეხილია, ყველას გვინდოდა კარგად გვეთამაშა, მაგრამ ამ სეზონში ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. „მესტალიაზე“ 18 თამაშიდან მხოლოდ 5 მოვიგეთ, ეს არის გასავარდნი ზონის გუნდის სტატისტიკა, ამიტომ ანალიზი უნდა გავაკეთოთ. არ შეიძლება „ვალენსია“ შინ 18 მატჩიდან მხოლოდ ხუთს იგებდეს.
მრავალი წელია მწვრთნელი ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი ლა ლიგის დონე, მოთხოვნა, ვხედავ როგორ ძლიერდებიან სხვა გუნდები და ვისაც ამის დანახვა არ უნდა, ის ბრმაა. „ვალენსია“ იყო გუნდი, რომლის „მესტალიაზე“ დამარცხება ადვილი არ გახლდათ. აქ სისხლი უნდა დაგეტოვებინა, რომ „მესტალიადან“ რაიმე წაგეღო, 18-დან 5 მატჩის მოგება მიუღებელი შედეგია“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 36 ტურის 44 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 მაისს, „ესპანიოლთან“ ჩაატარებს.