ფეხბურთი

11:03 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: "ჩვენზე დიდი წნეხია, მაგრამ მზად ვართ გავუმკლავდეთ"

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ „ვერონასთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა იტალიელმა აღნიშნა, სკუდეტოსთან ძალიან ახლოს არიან და ახლა გუნდზე დიდი წნეხი იქნება, მაგრამ მასთან გასამკლავებლად მზად იქნებიან.

„ლაციოსგან“ განსხვავებული თამაში იყო, საწყის 20-25 წუთში ვდომინირებდით, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ მილიმეტრიანი თამაშგარე იყო, შემდეგ გოლი გავუშვით და მზად თუ არ ხარ, შესაძლოა კიდევ გაუშვა. როდესაც ასე ცოტა თამაში რჩება და ფინიშის ხაზს ხედავ, თუ გუნდი საკმარისად მოწიფული არ არის, შეიძლება ფეხი დაგიცდეს. ამიტომაც, ბიჭებს ვულოცავ, ყველაფერი რაც მათ მწვრთნელებმა სთხოვეს, შეასრულეს.

ახლოს ვართ ჩემპიონობასთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ორი თამაში დარჩა. კარგი ისაა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ადვილი იქნება? არა, ისევე, როგორც ეს თამაში არ იყო ადვილი. მე ვუყურე დღეს „ატალანტას“ თამაშს, ეს არის გუნდი, რომელიც ცოცხალია, რომელიც იბრძვის ევროთასებზე გასასვლელად და მაღალი დონის ფეხბურთელებით სავსეა. თუმცა, „სან სიროზე“ ვითამაშებთ, ნამდვილად სავსე სტადიონზე. შესაბამისად, ნამდვილად დიდი წნეხი იქნება, მაგრამ კარგად გავუმკლვადებით“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს, ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს და დარჩენილ ორ ტურში 4 ქულაც ეყოფა, რომ ჩემპიონი გახდეს. „როსონერის“ მატჩები შინ „ატალანტასთან“ და სტუმრად „სასუოლოსთან“ აქვს დარჩენილი.

0.112214