„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ვერონასთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თავის ფეხბურთელებზე შეყვარებულია, ახალი „მილანი“ კი 2019 წლის დეკემბერში დაიბადა, როდესაც ბერგამოში „ატალანტასთან“ 0:5 წააგეს.
„მე ნამდვილად შეყვარებული ვარ ამ „მილანსა“ და ჩემს ფეხბურთელებზე. ვიცი, რა შრომას დებენ ისინი და ვიცი, როგორი იყო ჩვენი გზა. კიდევ გამარჯვება გვაკლია, მომდევნო კვირას რთული, ურთულესი თამაში იქნება. ამ თამაშით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კონცენტრაცია მომდევნო თამაშზე უნდა მოვახდინოთ.
სითამამე და რწმენა გამომდინარეობს გამოცდილებიდან და თამაშიდან. მაშინაც კი, როდესაც არ იგებ, როდესაც გრძნობ, რომ აკონტროლებ თამაშს და კარგად თამაშობ, გაცილებით მეტად გჯერა შენი თვისებების. ამ ბიჭებმა ეტაპობრივად ბევრი ნაბიჯი გადადგეს და ეს დამოკიდებულება ბოლო ორ მატჩშიც უნდა შევინარჩუნოთ.
ვფიქრობ, რომ პირველ წრეში „ატალანტასთან“ მატჩი სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დარჩენილი ორი მატჩი იქნება ჩემპიონატის ფინალი და საბოლოო პოზიციას განსაზღვრავს. ეს „მილანი“ დაიბადა მაშინ, როცა „ატალანტასთან“ 2019 წლის დეკემბერში დამამცირებლად 0:5 წავაგეთ. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თამაში იყო, მაგრამ საჭირო იყო.
ლეოო და ტონალი ახალგაზრდები, მაგრამ ძლიერები არიან. არ მიყვარს პოზიციებზე საუბარი, მაგრამ ტონალის შეუძლია შესანიშნავი ნახევარმცველი გახდეს. ვის ჰგავს? მას აქ მოსვლის პირველ დღეს ვესაუბრე და მითხრა: „ყველა პირლოს მადარებს, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ უფრო გატუზოს ვგავარ“. ჩემი აზრით, ალბათ, ყველაზე მეტად დე როსის ჰგავს“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს, ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს და დარჩენილ ორ ტურში 4 ქულაც ეყოფა, რომ ჩემპიონი გახდეს. „როსონერის“ მატჩები შინ „ატალანტასთან“ და სტუმრად „სასუოლოსთან“ აქვს დარჩენილი.