„მილანი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი სკუდეტოსთან უკვე ნამდვილად ერთ ნაბიჯშია. ორ ტურში მაქსიმუმ 4 ქულაც საკმარისი იქნება, რომ სტეფანო პიოლის გუნდი გაჩემპიონდეს.
„მილანმა“ მორიგი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება სტუმრად „ვერონასთან“ მოიპოვა და აშკარაა, რომ იმდენად დიდი მოტივაცია, ამ გუნდის გაჩერება ძალიან რთული იქნება. „როსონერი“ დავიდე ფარაონის გოლით აგებდა, მაგრამ შემდეგ რაფაელ ლეაოსა და სანდრო ტონალის დუეტი შეუჩერებელი იყო.
პორტუგალიელმა ორი ბრწყინვალე ასისტი მიითვალა და ორჯერვე იტალიელმა ნახევარმცველმა დაუცველ კარში გაიტანა. სხვათა შორის, ტონალის დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარ თავს იუბილე იდეალურად მიულოცა. ვერონელთა კარში საბოლოო ლურსმანი ალესანდრო ფლორენციმ ჩააჭედა.
„მილანს“ 80 ქულა აქვს და „ინტერთან“ ორქულიანი უპირატესობა გააჩნია, დარჩა მხოლოდ ორი ტური. საინტერესოა, რომ „მილანს“ კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს, ასე რომ, თანაბარ ქულებზეც ჩემპიონი გახდება და ერთი ფრის უფლება გააჩნია. „მილანს“ მომდევნო ტურში „ატალანტასთან“ და შემდეგ „სასუოლოსთან“ უწევს დაპირისპირება.
თუ „მილანი“ 2011 წლის შემდეგ სკუდეტოს უახლოვდება, გასავარდნ ზონაში დიდი ბრძოლაა. „სალერნიტანა“, რომელსაც ამ ტურამდე ბოლო ხუთ მატჩში 13 ქულა ჰქონდა მოპოვებული, შინ უშუალო კონკურენტ „კალიარის“ დაუხვდა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ინაღდებდა ელიტაში დარჩენას. სალერნოელები 99-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ ბოლოს გაუშვეს და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 1:1. ამრიგად, გასავარდნ ზონაში დიდი დაძაბულობაა: „ვენეციას“ 25 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მერე არიან „ჯენოა“ 28 ქულით, „კალიარი“ 29 ქულით და „სალერნიტანა“ 30 ქულით. „ვენეციამ“ მინიმალური, მაგრამ მაინც შანსი შინ „ბოლონიასთან“ შეინარჩუნა, რომელთანაც 2:0-ს იგებდა, მერე 2:3-ს აგებდა და ბოლოს 4:3 იმარჯვა.
დარჩენილ ორ ტურში „სალერნიტანას“ ყველაზე კარგი კალენდარი აქვს, გარდა იმისა, რომ გასავარდნ ზონაშიც არაა - „ემპოლის“ და „უდინეზეს“ ხვდება, ხოლო „ვენეციას“ „რომასთან“ და „კალიარისთან“ უწევს დაპირისპირება, „კალიარის“ „ვენეციამდე“ „ინტერთან“ მოუწევს გაჯიბრება, ხოლო „ჯენოა“ „ნაპოლის“ და „ბოლონიას“ შეხვდება.
იტალიის სერია A-ს 36-ე ტური ჯერ არ დასრულებულა. ორშაბათს, „რომა“ და „ფიორენტინა“ დაუპირისპირდებიან, რომლებიც ევროპა ლიგის საგზურისთვის პირდაპირი კონკურენტები არიან.
„ვერონა“ – „მილანი“ 1:3 (1:1)
გოლები: 1:0 ფარაონი (38), 1:1 ტონალი (45), 1:2 ტონალი (50), 1:3 ფლორენცი (87)
„სალერნიტანა“ – „კალიარი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ვერდი (68), 1:1 ალტარე (90)
„ვენეცია“ – „ბოლონია“ 4:3 (2:1)
გოლები: 1:0 ანრი (4), 2:0 კიინი (19), 2:1 ორსოლინი (45), 2:2 არნაუტოვიჩი (55), 2:3 შუტენი (68), 3:3 არამუ (78, პენ), 3:4 იონსენი (90)
„სპეცია“ – „ატალანტა“ 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 მურიელი (16), 1:1 ვერდე (30), 1:2 ჯიმსიტი (73), 1:3 პაშალიჩი (87)