ესპანელმა თინეიჯერმა კარლოს ალკარასმა, ნოვაკ ჯოკოვიჩი 6-7(5), 7-5, 7-6(5) დაამარცხა და მადრიდის ღია პირველობის ფინლში გავიდა, სადაც მოქმედ ჩემპიონ ალექსანდერ ზვერევსა და სტეფანოს ციციპასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ალკარასმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და ბრეიკსაც პირველმა მიაღწია. მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ვისაც ამ სეზონში ჯერ ერთი ტურნირიც არ მოუგია, საპასუხო ბრეიკი მალევე აიღო, სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც სერბს მცირე უპირატესობა ჰქონდა და მან ის გამოიყენა.
34 წლის ჯოკოვიჩი განსაკუთრებით კარგად თავის მოწოდებაზე თამაშობდა - პირველ სეტში მან საკუთარ მოწოდებაზე ზედიზედ 21 ქულა აიღო. მაგრამ ალკარასმა, ვისაც 19 წელი ორი დღით ადრე შეუსრულდა, აგრესიას უმატა. ჯოკოვიჩს მე-11 გეიმში ბრეიკის შანსი ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა მისი გამოყენების საშუალება არ მისცა. მომდევნოში კი თავად შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტშიც საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ამჯერად ალკარასმა შეძლო მცირე უპირატესობის მოპოვება და შეხვედრას გამარჯვების წერტილი დაუსვა. ამგვარად, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც ერთ ტურნირზე რაფაელ ნადალის და ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.
„ეს გამარჯვება ფინალში თავდაჯერებას შემმატებს. ვიცი, რომ მართლა კარგად ვითამაშე. ახლა უკვე ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებთან, ტოლსწორად თამაში და მათი დამარცხება შემიძლია“, - განაცხადა ალკარასმა, ვისაც ჯოკოვიჩის დასამარცხებლად, სამი საათი და 35 წუთი დასჭირდა.
ეს იყო ალკარასის პირველი შეხვედრა ჯოკოვიჩთან. კვირას ის კარიერაში მასტერს 1000-ის მეორე ტიტულისთვის იბრძოლებს.