მაიამის დიდი პრიზის რბოლას, რომელიც კვირას პირველად გაიმართება, „ფერარის“ პილოტები პირველი რიგიდან დაიწყებენ. საკვალიფიკაციო რბოლა შარლ ლეკლერმა მოიგო, მასთან 0.190-წამიან ჩამორჩენით, მეორე კარლოს საინსი იყო. ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, ვინც ლეკლერს 0.195 წამით ჩამორჩა.
ლეკლერისთვის ერს მიმდინარე სეზონის პირველ ხუთ ეტაპზე, უკვე მესამე, კარიერაში კი მე-12 პოულია. „ფერარიმ“ კი სასტარტო რიგში პირველი ორი პოზიცია, მექსიკის 2019 წლის რბოლის შემდეგ, პირველად დაიკავა.
კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველი ცდების შემდეგ, ფერსტაპენი ყველაზე სწრაფი იყო და პოულის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდის შესრულებისას, შეცდომა დაუშვა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. სტარტზე მის გვერდით მექსიკელი თანაგუნდელი სერხიო პერესი დადგება.
„წინა რბოლა ჩემთვის წარუმატებელი იყო - რბოლისას შეცდომა დავუშვი. ამჯერად ყველაფერი ჯერჯერობით კარგადაა. ჩვენ პოულზე ვართ და ეს საქმე ხვალ უნდა დავამთავროთ. ისინი (რედ ბული) ძალიან სწრაფები არიან სწორ მონკვეთებზე, ჩვენ კი - მოსახვევებში. რთული ბრძოლა გვექნება“, - განაცხადა 24 წლის მონაკოელმა.
დანარჩენებში ყველაზე სწრაფი ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო) იყო, რომელმაც უკან მოიტოვა ყოფილი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი. „მერსედესმა“ რამდენიმე სიახლე გამოიყენა, რომელთა წყალობითაც, ხტუნვის ეფექტი (პორპოსინგი) ისეთი ძლიერი არაა, როგორიც წინა რბოლებში იყო. თუმცა გუნდი აღიარებს, რომ პრობლემის სრულად გამოსწორება ასე სწრაფად შეუძლებელი იქნება.
კვალიფიკაციაი მონაწილეობა ვერ მიიღო ესტებან ოკონმა, ვისაც მესამე პრაქტიკის დროს, ავარიაში მანქანა დაუზიანდა და „ალპინმა“ კვალიფიკაციისთვის მისი მომზადება ვერ მოასწრო.
მაიამის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'28.796 (219.415 კმ/სთ)
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.190
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.195
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.240
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 0.679
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.829
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.894
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.954
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.136
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.880
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.364
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.377
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.418
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.514
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.627
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.179
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.224
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.470
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.529
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) -