ფეხბურთი

17:34 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგი" ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა, გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ ათამაშეს

„ჰამბურგი“ გერმანიის ბუნდესლიგას უახლოვდება, ტიმ ვალტერის გუნდი სეზონის ბოლოს შესანიშნავ ფორმაში შევიდა და თითქოს განწირული მდგომარეობიდან მოახერხა უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების მაღალი შანსის გაჩენა. არადა, 4 ტურის წინ ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, იმედიც კი თითქმის გადაწურული იყო.

HSV-მ მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში შინ „ჰანოვერს“ რობერტ გლატცელის პირველივე ტაიმში შესრულებული დუბლით 2:1 მოუგო. თავიდანვე ვთქვათ, რომ ისევ არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა.

„ჰამბურგმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, 57 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზეა, რაც ბუნდესლიგაში პირდაპირ გადასვლის ტოლფასია. ჩრდილოგერმანული გუნდი ლიდერ „შალკეს“ 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია მის ზურგს უკან რა ხდება:

„ჰამბურგის“ დარად 57 ქულა აქვს „დარმშტადს“, რომელმაც ამ ტურში წააგო, მაგრამ ვალტერის გუნდს ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს და უპირატესობა გააჩნია. აგრეთვე 57 ქულა აქვს ბრემენის „ვერდერს“ და 33-ე ტურის მატჩს ხვალ აუტსაიდერ „აუესთან“ ჩაატარებს, ასე რომ დიდი შანსია, მეორე ადგილზე სწორედ „ბრემენელი მუსიკოსები“ გადავიდნენ. თუმცა, „ჰამბურგს“ მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც ექნება შანსი, რადგან პლეი-ოფში ითამაშებს ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანთან. ჰამბურგელებს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავთ „ზანკტ პაული“, რომელსაც 54 ქულა გააჩნია და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ამ ტურში ეს გუნდი ლიდერ „შალკეს“ ხვდება, რომელიც ასევე HSV-ს კონკურენტია.

„ჰამბურგი“ ბოლო ტურში სტუმრად, უმოტივაციო „ჰანზას“ დაუპირისპირდება და თუ მოიგებს, დიდი ალბათობით, სეზონს მესამე ადგილზე (უარეს შემთხვევაში) დაასრულებს და პლეი-ოფში მიიღებს შანსს. მოგეხსენებათ, „ჰამბურგი“ ბუნდესლიგიდან 2018 წელს გავარდა, ისტორიაში პირველად და მას შემდეგ ვერ ახერხებს ელიტაში დაბრუნებას.

აქვე ჩაკვეტაძეზეც ვთქვათ, რომ ის „ჰამბურგს“ იანვარში იჯარით შეუერთდა და 12 მატჩში 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, ბოლო პერიოდში ტიმ ვალტერი აღარ ენდობა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გერმანელები მას „გენტიდან“ არ გამოისყიდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142042