ფეხბურთი

15:30 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" შეიძლება დაისაჯონ"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგისა და მისი დამფუძნებელი კლუბების, „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.

სლოვენიელმა არ გამორიცხა, რომ ესპანური და იტალიური გრანდები დაისაჯონ, თუმცა ჯერჯერობით უეფას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩეფერინმა ისიც თქვა, რომ ყველა კლუბი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ თუ მათ საკუთარ ტურნირში თამაში სურთ, მაშინ უეფას ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

„ჩვენ, უეფას, არასდროს გვითქვამს, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარ დაარსებულ ტურნირში თამაში. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება თუ მოინდომებენ, მაგრამ ეს, ზუსტად ის კლუბები არიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველები დარეგისტრირდნენ. თუ ისინი სხვა ტურნირებზე ითამაშებენ, ვერ ითამაშებენ უეფას ტურნირებში.

უეფას არ აქვს მონოპოლია, მათ შეუძლიათ საკუთარი უეფა შექმნან და გააკეთონ ის, რაც სურთ. არ მინდა „იუვენტუსის“ პრეზიდენტზე ვისაუბრო, მაგრამ მასთან ჩემი მხრიდან ძალიან ღია და გულწრფელი ურთიერთობა მქონდა. არასდროს მითქვამს, მაგრამ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნიონში დავპატიჟე მომავალზე სასაუბროდ. მან შეხვედრა 24 საათით ადრე გააუქმა კალათბურთთან დაკავშირებული მოვლენის გამო. თუმცა, ნამდვილი მიზეზი ეს არ ყოფილა. სუპერლიგის პროექტი წარმოუდგენელი ამპარტავნობა იყო და ალბათ, ამიტომაც არ სურთ მათ უეფასთან ურთიერთობა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველას ერთნაირად ვექცევით. მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, ხოლო ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ ითამაშებს. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი შეჯიბრებები ჯანსაღი და სამართლიანია.

დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ბარსელონას“, „რეალს“ და „იუვენტუსს“ სანქციები დაეკისროთ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. გაკვირვებული ვიყავი სასამართლოს წინა გადაწყვეტილებით და ბედნიერი ვარ, რომ პროცესი მოვიგეთ. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა არაფრის მონოპოლია არ აქვს, ყველას შეუძლია აირჩიოს იყოს თუ არა, უეფას წევრი, ფედერაციებსაც და კლუბებსაც. ამ საკითხში ყველა ჩვენს მხარესაა, საპირისპიროს არავინ ამბობს“, - თქვა ჩეფერინმა.

0.119423