100 მეტრზე სპრინტში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ლამონტ მარსელ ჯეკობსმა, დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 მეტრზე სპრინტში ტრიუმფის შემდეგ, თავისი პირველი გამოსვლა კენიის დედაქალაქ ნაირობიში, კიპ კეინო კლასიკზე დაგეგმა. შეჯიბრში მასთან ერთად მონაწილეობას, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ამერიკელი ფრედ კერლიც გეგმავს.
ჯეკობსი ამბობს, რომ ნაირობიში მისი გამოსვლის მთავარი მიზეზი, კერლია, ვისაც სარბენ ბილიკზე, ტოკიოს შემდეგ არ დაპირისპირებია. მათ გარდა, იქ კიდევ ერთი იტალიელი, ფილიპო ტორტუ, ასევე კენიის და აფრიკის რეკორდსმენი, ფერდინანდ ომანიალა იასპარეზებენ.
„იმის მიზეზი, რის გამოც, სეზონის დასაწყისში, ნაირობიში გამოსვლა დავგეგმე, მონაწილეთა მაღალი დონეა. ამ ბიჭებთან შეხვედრის სურვილმა, ნაირობიში ჩამომიყვანა“, - ამბობს ჯეკობსი.
კერლის, ვისაც გასულ შაბათს, 27 წელი შეუსრულდა, ნაირობიში გასულ სეზონში, 200 მეტრზე სპრინტში 19.76 წამი აქვს ნაჩვენები, რაც მისი პირადი საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება ომანიალას, მისი აფრიკული რეკორდი 9.77 წამია, რომელიც შარშან, ნაირობიშივე ჰქონდა. ოღონდ, ის რბოლა მეორეზე დაასრულა ამერიკელი ტრეივონ ბრომელის უკან. კენიელი პირობას დებს, რომ ამჯერად უკეთესი შედეგი ექნება.
საინტერესო პაექრობაა მოსალოდნელი ქალთა სპრინტშიც, სადაც იამაიკელ სამგზის ოლიმპიურ ოქროს მედალოსან შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს ნამიბიელი ამომავალი ვარსკვლავი, კრისტინ მბომა დაუპირისპირდება. ნაირობიში გამოსვლას ამერიკელი შა’ქარი რიჩარდსონიც აპირებდა, მაგრამ მან განაცხადი გამოიტანა.