სერია A-ს 36-ე ტური ორი საოცარი მატჩით დაიწყო და გულშემატკივარმა ორი დაუჯერებელი ქამბექი იხილა - „ინტერმა“ „ემპოლისთან“ და „ჯენოამ“ „იუვენტუსთან“ მოახერხა წაგებული თამაშის შემოტრიალება.
ჯერ ცხადია მოქმედ ჩემპიონზე უნდა ვთქვათ, რომელიც „ემპოლისთან“ ძალიან რთულ ვითარებაში იყო. სიმონე ინძაგის გუნდი 28-ე წუთზე 0:2 მარცხდებოდა და თითქოს გამოუვალ ვითარებაში იმყოფებოდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, სიმონე რომანიოლის ავტოგოლითა და ლაუტარო მარტინესის გოლით. მეორე ტაიმში კი „ინტერი“ მოედანზე სხვა განწყობით გავიდა და „ემპოლის“ კართან ნამდვილი შტურმი მოაწყო, რამაც რასაკვირველია შედეგიც გამოიღო. ლაუტარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეხვედრას წერტილი ალექსის სანჩესმა დაუსვა.
„ინტერმა“ 78 ქულა დააგროვა და „მილანს“ გადაასწრო, თუმცა მხოლოდ ქულით და „მილანს“ ამ ტურში სათამაშო აქვს (8 მაისს, „ვერონასთან“). ნებისმიერ შემთხვევაში „ნერაძური“ საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე ჩართულია და ჯერ კიდევ აქვს სოლიდური შანსი, რომ სკუდეტო შეინარჩუნოს.
ტურინის „იუვენტუსი“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ჯენოას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა. მორიგი იმედგამაცრუებელი მატჩი მასიმილიანო ალეგრის გუნდისგან.
მართალია, „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა, მაგრამ „ჯენოასთან“ მარცხი მაინც არასახარბიელო ვითარებაზე მიანიშნებს, მითუმეტეს, იმ სტილში როგორც წააგო.
პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, საგოლე მომენტები საერთოდ არ შექმნილა და გოლიც არ გასულა. მეორე ტაიმი კი პაულო დიბალას ულამაზესი გოლით დაიწყო, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან მარჯვენა ფეხით ზუსტად დაარტყა. გოლის შემდეგ ალეგრის გუნდი უკეთ ათამაშდა და რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა. ჯერ დიბალამ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი მოიზე კინსა და დუშან ვლაჰოვიჩს სალვატორე სირიგუმ ურთულესი ბურთები აუღო.
87-ე წუთზე კი ტურინელთა დაცვა, კერძოდ მატია დე შილიო ჩავარდა და გუდმუდსონმა ანგარიში გაათანაბრა. „იუვენტუსს“ მოგება მაინც შეეძლო. 94-ე წუთზე ალვარო მორატა მეკარესთან პირისპირ გავიდა, არ დაარტყა, პასი კინს გაუკეთა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ის ევალებოდა, რომ ბურთი ცარიელ კარში დაერტყა... დაარტყა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა! „ჯენოამ“ საპასუხო შეტევა დაიწყო და პენალტი მოიპოვა, რომელიც დე შილიომ აიკიდა, ხოლო დომენიკო კრიშიტომ გაიტანა და „ჯენოამ“ მოიგო. ამრიგად, გენუელებმა 28 ქულა დააგროვეს და გადარჩენის შანსი გაუჩნდათ, ხოლო „იუვენტუსი“ 69 ქულით მეოთხე ადგილზეა და ამ პოზიციის დაკარგვის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ახლა ტურინელთა წინაშე სხვა გამოწვევაა - იტალიის თასის ფინალი 11 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:0)
გენუა, „მარასი“
„ჯენოა“ (4-2-3-1): სირიგუ; ჰეფტი, ოსტიგორი, ბანი, კრიშიტო; ბადელი, გალდამესი (ფრენდრუპი 46); მელეგონი (ეკუბანი 59), ამირი, პორტანოვა (იებოა 59); დესტრო (გუდმუდსონი 68)
მწვრთნელი: ალექსანდერ ბლესინი
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 60), ბონუჩი, რუგანი, დე შილიო; მირეტი (ბერნარდესკი 74), არტური (ზაკარია 60), რაბიო; დიბალა (აკე 80), ვლაჰოვიჩი (მორატა 74), კინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 დიბალა (48), 1:1 გუდმუდსონი (87), 2:1 კრიშიტო (90, პენ)
გაფრთხილება: მელეგონი (43), ბადელი (78) - დიბალა (29), რუგანი (34), არტური (44)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: სიმონე სოცა
„ინტერი“ – „ემპოლი“ 4:2 (2:2)
გოლები: 0:1 პინამონტი (5), 0:1 ასლანი (28), 1:2 რომანიოლი (40, ა.გ), 2:2 ლაუტარო მარტინესი (45), 3:2 ლაუტარო მარტინესი (64), 4:2 სანჩესი (90)