გიორგი შერმადინი და „ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. ესპანურმა გუნდმა ისრაელის საკალათბურთო გუნდი „ჰაპოელი“ 78:71 დაამარცხა და ტიტულამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კანარიელებმა პირველ პერიოდში 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა, რადგან დარჩენილ სამ პერიოდში თანაბარი თამაში იყო და საბოლოოდ, ესპანელებმა სწორედ 7 ქულით იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა 22:19 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელინო უერტასს ჩამორჩა (23).
„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანრესას“ დაუპირისპირდება. მატჩი 8 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.