7 მაისს აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდები პორტუგალიაში, რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველი ტიტულისთვის შეიბმებიან.
ლისაბონში ‘შავი ლომისა’ და ‘ლუზიტანუშის’ შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება, მანამდე კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა საბრძოლო რაზმები დაასახელეს.
‘შავი ლომი’ გადამწყვეტ თამაშს ოპტიმალური, გამოცდილი შემადგენლობით ხვდება. ნახევარფინალში, ესპანურ ‘იბერიანსთან’ გამარჯვების შემდეგ, დამწყებ რაზმში ორი ცვლილებაა – მესამე ხაზში კოკი თხილაიშვილი ბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, ბურჯად კი თამაშს ნიკა პატარაია იწყებს. ნიკა ხატიაშვილმა და ნიკო აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს.
ჩვენი გუნდი პორტუგალიაში ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გუშინ ჩავიდა, დღეს კაპიტნის ვარჯიში, ხვალ კი გადამწყვეტი ბრძოლაა.
„ევროპის ქვეყნებიდან პორტუგალია ჩვენგან ყველაზე შორსაა და საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გვქონდა. მაქსიმალურად ვეცდებით დასვენებას და ძალების აღდგენას. მთლიანობაში, ფინალისთვის კარგად ვართ მომზადებული. ნახევარფინალური მატჩიდან გამომდინარე გვქონდა ანალიზი – რა იყო კარგი და რა ვერ გამოგვივიდა, სად გვაქვს ყურადღება გასამახვილებელი. ასევე გავარჩიეთ მოწინააღმდეგის თამაში, საიდან უნდა ველოდოთ საფრთხეს და სად გვექნება უპირატესობა. ახლა მთავარია ამ ყველაფერს როგორ გადავიტანთ მოედანზე“ – ამბობს ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და შემადგენლობასთან დაკავშირებით განაგრძობს:
„ფინალს გამოცდილება იგებს. რაც უფრო გამოცდილია მოთამაშე, მით ნაკლებ შეცდომას უშვებს. მზადების პროცესში დისციპლინასა და თამაშის მართვაზე ვამახვილებდით ყურადღებას. მოწინააღმდეგეს არ უნდა მივცეთ საშუალება თავს მოგვახვიოს სწრაფი, არეული თამაში. მაქვს იმედი, რომ ბიჭები მონახაზს მიყვებიან და ამოცანას თავს გაართმევენ“.
„ნახევარფინალის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ნიკა პატარაიამ სამხრეთ აფრიკაში კარგი თამაშები ჩაატარა და ოპტიმალურ ფორმაშია. აქედან გამომდინარე სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ ძირითად შემადგენლობაში დაგვეყენებინა. კოკი თხილაიშვილი გამოცდილი მოთამაშეა, თუმცა ტრავმების გამო ხანგრძლივი პერიოდით მოუწია გაჩერება. ეს ორი კვირა ის ნაყოფიერად ვარჯიშობდა და ფინალს სრულ მზადყოფნაში ხვდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე გვყავდეს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც დიდ ენერგიას შემოიტანენ და ესეც გათვალისწინებულია“.
ფინალის მნიშვნელობაზე საუბრობს და მეტოქეს ახასიათებს გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია:
„ფინალი ყოველთვის განსხვავებული თამაშია და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ პატარა დეტალებს, რომლებსაც წლის განმავლობაში ხვეწავდი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო. ამან შეიძლება კონკრეტული თამაში მოგაგებინოს. ჩვენი მიზანია, რომ ეს დეტალები მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწორედ ამაზე ვმუშაობდით“.
„პორტუგალიას ხასიათიანი, მოძრავი და სწრაფი გუნდი ყავს. ასევე არიან კარგი მბოჭავები. მათ აქვთ შანსი, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მოიგონ სუპერ თასი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ დავრჩეთ ჩვენს სათამაშო გეგმაში“.
კარგი თამაშის მოლოდინი აქვს გამოცდილ გიორგი ბეგაძეს:
„ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. ესპანელებთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, დეტალების დასახვეწად 2 კვირაზე მეტი გვქონდა და ვფიქრობ, ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ეს არის თამაში, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მეტოქის თამაში შევისწავლეთ და საკმაოდ სწრაფი, ლაღად მოთამაშე გუნდია. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ მათ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი ტიტული სამშობლოში წამოიღოს. გამოცდილი შემადგენლობა გვყავს და ფინალში ეს აუცილებლად წაგვადგება“.
„პორტუგალია ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო, კარგი მბოჭავებით და სწრაფი მოშვიდკაცეებით დაკომპლექტებული. სწორედ ასეთი გუნდია ‘ლუზიტანუშიც’. ვეცდებით, რომ მეტოქე დავჯაბნოთ კონტაქტის არეში, არ ავყვეთ არეულ თამაშში და თასის მოგებით გულშემატკივარი გავახაროთ“.
რაგბი ევროპის სუპერ თასი. ფინალი
7 მაისი. ლისაბონი (პორტუგალია). 18:00 (საქ. დრო)
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუშ (პორტუგალია)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. კოკი თხილაიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.
RUGBY.GE