თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროთასის ფინალში გავიდა! იტალიურმა გუნდმა ნახევარფინალში ესპანური „ვალენსია“ სტუმრად დაამარცხა - 83:73.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა და ტიტულს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.
კარგი თამაში ჰქონდა თორნიკესაც, რომელმაც პარკეტზე 26:04 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
თორნიკე თავისი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, თუმცა, სხვებმაც კარგად ითამაშეს. მაგალითად, მარკო ბელინელიმ 14 ქულა მიითვალა, მილოშ ტეოდოსიჩმა - 12.
აქვე გეტყვით, რომ „ვირტუს ბოლონია“ ევროთასის ფინალში 11 მაისს, თურქულ „ბურსასპორს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ბოლონიური გუნდი მომდევნო სეზონში ევროლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.