გერმანიის ნაკრების მცველი მატიას გინტერი, რომელიც სეზონის ბოლოს „გლადბახს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, კარიერას „ფრაიბურგში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გინტერისთვის „ფრაიბურგი“ ნაცნობი ადგილია, რადგან კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო.
„კარიერის ამ ეტაპზე მინდოდა რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა და არაფერია იმაზე განსაკუთრებული, ვიდრე ჩემს ქალაქსა და გუნდში დაბრუნება“, - თქვა 28 წლის მცველმა.
აღსანიშნავია, რომ მატიას გინტერის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელიც 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მშობლიურ კლუბში დაბრუნება არჩია.
მატის გინტერმა „ფრაიბურგის“ მთავარ გუნდში 2011-2014 წლებში 81 მატჩში 5 გოლი გაიტანა. 2014-2017 წლებში მან „დორტმუნდში“ ითამაშა და 102 თამაშში თავი 4 გოლით გამოიჩინა, „გლადბახში“ კი 2017 წლიდან დღემდე 178 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრებში გინტერს 46-ჯერ უთამაშია (2 გოლი).