ფეხბურთი

1:00 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 3:2 და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

„ვილიარეალმა“ ყველაფერი გააკეთა მორიგი სასწაულისა და სენსაციის მოსახდენად, მაგრამ ამჯერად საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ ითამაშებს.

უნაი ემერის გუნდმა ჯერ „იუვენტუსი“ გააგდო, მერე „ბაიერნი“ და ახლა „ლივერპულიც“ ანერვიულა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ „ენფილდ როუდზე“ 0:2 უიმედოდ წააგო. თუმცა, ესპანეთში ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო.

„ვილიარეალმა“ პირველ ტაიმში ბულაიე დიასა და ფრანსის კოკლენის გოლებით 2:0 დაწინაურება მოახერხა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ერთი საინტერესო დეტალიც: „იუვენტუსთან“ პირველი მერვედფინალური შეხვედრიდან მოყოლებული, ემერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე კარის ჩარჩოში ზუსტად 8-ჯერ დაარტყა და რვაჯერვე გოლი გაიტანა! მთლიანობაში, „ყვითელმა სუმბარინამ“ პირველ ნახევარში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და დამსახურებულად იგებდა ორბურთიანი სხვაობით, მეორეს მხრივ, „ლივერპულმა“ ძალიან სუსტი ტაიმი ჩაატარა.

თუმცა, მეორე ტაიმში ვითარება აბსოლუტურად შეიცვალა, რაშიც წვლილი ხერონიმო რულისაც მიუძღვის. ესპანელთა არგენტინელმა მეკარემ 3 გოლი გაუშვა და ორი მისი აშკარა შეცდომის შედეგი იყო.

იურგენ კლოპის გუნდმა 62-ე წუთიდან 74-ე წუთამდე გაიტანა სამი გოლი. ჯერ ფაბინიომ, მერე ლუის დიასმა და ბოლოს სადიო მანემ, შესაბამისად, ინგლისურმა გრანდმა ესპანეთშიც მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 5:3 იმარჯვა.

„ლივერპული“, რომელსაც უკვე მოგებული აქვს ამ სეზონში ინგლისის ლიგის თასი, შეუძლია კიდევ სამი ტიტული მოიგოს და სეზონი ოთხი ტიტულით დაასრულოს! კლოპის გუნდი ხომ ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ასევე ფინალს ითამაშებს ინგლისის ასოციაციის თასზე და პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მეათედ მოახერხა, მათ შორის, მესამედ ბოლო 5 სეზონში და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით.

„ვილიარეალი“ – „ლივერპული“ 2:3 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:5

ვილიარეალი, „ლა სერამიკა“

„ვილიარეალი“ (4-4-2): რული; ფოიტი, ალბიოლი (ორიე 79), ტორესი, ესტუპინიანი (ტრიგეროსი 79); ლო ჩელსო, პარეხო, კაპუ, კოკლენი (პედრასა 68); მორენო (ჩუკვუეზე 68), დია (ალკასერი 79)

მწვრთნელი: უნაი ემერი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი (ციმიკასი 79); კეიტა (ჰენდერსონი 79), ფაბინიო (მილნერი 84), ტიაგო ალკანტარა (ჯონსი 79); სალაჰი, მანე, დიოგო ჟოტა (დიასი 46)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 დია (3), 2:0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 დიასი (67), 2:3 მანე (74)

გაფრთხილება: კაპუ (63, 86), ლო ჩელსო (81), ტორესი (85) - ალექსანდერ-არნოლდი (77)

გაძევება: კაპუ (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11329