„პორშე“ და „აუდი“ ერთი საავტომობილო გიგანტის - „ფოლკსვაგენის“ ცალკეული პრემიუმ შტროებია. პირველი უფრო სპორტულ ავტომობილებზეა ორიენტირებული, მეორე კი - მდიდრულზე. და როგორც ირკვევა, ორივემ ერთდროულად მოინდომა ფორმულა 1-ში გამოსვლა. ამას კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ხელმძღვანელობა წინ არ აღუდგა.
ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დისმა განმარტა, რატომ დაუშვა მისმა კომპანიამ თავისი ორი შტოს კონკურენცია ფორმულა 1-ში. მისი თქმით, ორივე კომპანიისთვოს ფ1-ში გამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ამის შანსი მათ მეორედ დიდი ხანი აღარ მიეცემოდათ.
არაოფიციალური ინფორმაციით, „პორშეს“ უკვე შერჩეული ჰყავს პარტნიორი. ესაა „რედ ბული“, რომელიც გერმანული კომპანიისგან ძრავებს მიიღებს. სწორედ ძრავებით შემოიფარგლება ფ1-ში „პორშეს“ ჩართულობა (ჯერჯერობით მაინც). რაც შეეხება „აუდის“, ის სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, „მაკლარენის“ შესყიდვას აპირებს. და სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატში საკუთარი გუნდით იასპარეზებს.
„ფორმულა 1 მთელს მსოფლიოში წარმატებულად ვითარდება. მსოფლიო ჩემპიონატს შესანიშნავი სამარკეტინგო შტო აქვს. „ნტფლიქსის“ მხარდაჭერა კი პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის. საერთო ჯამში, თანამედროვე ავტოსპორტში, მნიშვნელობა მხოლოდ ფ1-ს აქვს. ამიტომ, თუ თქვენს კომპანიას რბოლებში მონაწილეობა სურს, ესე იგი, მისი გზა ფ1-ზე გაივლის, რადგან ამ შემთხვევაში, მარკეტინგული ეფექტი ყველაზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, მალე გაიღება ფანჯარა, რომელიც ჩემპიონატში ჩაბმისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა. ძრავების ახალი რეგლამენტის გამო, ყველა მეტნაკლებად თანაბარ პირობებში აღმოჩნდება“, - ყვება დისი და დასძენს:
„აუდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარკუს დიუსმანი ოდსღაც ბეემვეს ფ1-ის ძრავების პროგრამას ხელმძღვანელობდა. ის მეუბნებოდა, რომ ერთ სეზონში, მცირე დეტალების ოპტიმიზებით, მანქანა წრეზე საშუალოდ წამით სწრაფი ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთრივ მანქანის სრულყოფაზე. მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონატში ახალი ჩართულია, მას ლიდერების დაწევა თავიდან გაუჭირდება. ამ ჩამორჩენის ლიკვიდირებას ხუთიდან ათ წლამდე სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემპიონატში ჩართვა ყველაზე ხელსაყრელი მაშინ არის, როდესაც რეგლამენტი რადიკალურად იცვლება. მალე სწორედ ეს მომენტი დადგება. 2026 წლიდან ძრავების რეგლამენტი შეიცვლება. სპორტი სინთეტურ საწვავზე გადავა და აგრეგატების სიმძლავრეში ელექტრო ძრავის წილი გაიზრდება. მოკლედ, ახალი აგრეგატი ნულიდან უნდა შეიქმნას. ამას კი სამი-ოთხი წელი დასჭირდება“.
„მოკლედ, ჩვენ უნდა დაგვეწყო ან ახლა, ან კიდევ ათი წელი გვეცადა. ჩვენმა ორმა პრემიუმ ბრენდმა გადაწყვიტა, რომ ეს საჭიროა დაპრიორიტეტული ნაბიჯია. თავად ფოლკსვაგენი თავისი სახელით ჩემპიონატში ჩართვას არ აპირებს. პორშესთვის კი ეს აუცილებელია, რადგან ის მსოფლიოში მთავარი სპორტული ბრენდი უნდა იყოს. ამიტომ, მისთვის ფ1 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
„რაც შეეხება აუდის, მას ავტოსპორტში პორშეზე ნაკლები ავტორიტეტი აქვს, თუმცა ეს მისთვის უპირატესობასავით არის, რადგან ფ1-ში მონაწილეობით, ის ძლიერ მარკეტინგულ ეფექტს მიიღებს. გარდა ამისა, ბაზარზე აუდი სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს მერსედესს. მასთან რბოლებში პაექრობა კი ორმაგად საინტერესო იქნება.
საერთო ჯამში, ჩვენ უარის თქმისთვის არგუმენტები პრაქტიკულად არ გვქონდა. არ შეიძლება, უბრალოდ თქვა, რომ ფ1-სგან ხეირს ვერ მიიღებ. პირიქითაა, რადგან სპორტის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ეს პროცესი გაგრძელდება. მის ჩემპიონატში მონაწილეობას, კომპანიისთვის და ჯგუფისთვის უზარმაზარი მოგების მიცემა შეუძლია“, - ყვება დისი.
მისივე თქმით, ჯგუფი უამრავი მიმართულებით ვითარდბა და ერთი შეხედვით, ფ1 მისთვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებს უკავშირდება. „ფ1-ში შეიძლება იმის დამტკიცება, რომ ტექნოლოგიების მხრივ, ჩვენ კონკურენტებს, პირველ რიგში კი მერსედესს, არაფრით ჩამოვრჩებით“.
ცნობისათვის, „პორშემ“ და „აუდიმ“ ფორმულა ერთისთვის ახალ ძალურ დანადგარზე მუშაობა უკვე დაიწყეს.