ფეხბურთი

11:16 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ჩემი ფეხბურთელები ლომები არიან და ყველა თამაში უნდა მოვიგოთ"

„მილანმა“ სერია A-ს 34-ე ტურში რომში „ლაციოს“ ბოლო წუთზე სანდრო ტონალის გოლით მოუგო (2:1) და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დარჩენილი ოთხი შეხვედრის მოგება უნდა სცადოს.

„სწორია, რომ ახლა კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. მიხარია ჩვენი გულშემატკივრების გამო, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ფანტასტიკურები არიან და ჩემი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ლომები არიან. თუმცა, ისინი უფრო გაბრაზებულები უნდა იყვნენ, რადგან ძალიან ძლიერები არიან და დიდი მენტალიტეტი აქვთ. ოთხი ტური დარჩა და ვეცდებით ყველა მატჩი მოვიგოთ. არ ვიცი, მივაღწევთ თუ არა წარმატებას, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები მართლაც ძალიან ძლიერები არიან“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ 74 ქულა აქვს და „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. დარჩენილ ოთხ ტურში „როსონერი“ „ფიორენტინას“, „სასუოლოს“, „ატალანტასა“ და „ვერონას“ უნდა დაუპირისპირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155826