ის, რისთვის „ნაპოლი“ მთელი სეზონის განმავლობაში შრომობდა, დიდი ალბათობით წყალში 8 წუთში ჩაიყარა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის და სეზონის მიწურულს თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სერია A-ს 34-ე ტურში ნეაპოლიტანელებმა სტუმრად „ემპოლისთან“ ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანეს.
„ნაპოლი“ დრის მერტენსისა და ლორენცო ინსინიეს გოლებით 53-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა და ამ უპირატესობას მე-80 წუთამდე ინარჩუნებდა. თუმცა, შემდეგ „ემპოლიმ“ სტუმართა თავს ქარიშხალი დაატრიალა.
მე-80 წუთზე სხვაობა ლიამ ჰენდერსონმა შეამცირა, 83-ე წუთზე ანდრეა პინამონტიმ გაათანაბრა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა და „ემპოლის“ 3:2 მოაგებინა. ამრიგად, „ნაპოლიმ“ ორბურთიანი უპირატესობა 8-წუთიან მონაკვეთში გაანიავა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ "ემპოლი" სერია A-ს ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელიც მე-80 წუთამდე ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მოიგო. მანამდე იგივე გააკეთა "ინტერმა" 2005 წელს "სამპდორიასთან" და "სამპდორიამ" 2016 წელს "სასუოლოსთან".
„აძურიმ“ ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და დარჩენილ 4 ტურში სასწაული უნდა მოხდეს, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეძლოს. ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბს 67 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ 5 და „მილანს“ 4 ქულით ჩამორჩება, თან ორივე მილანურ გრანდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.