ფეხბურთი

11:37 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "კარგად ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ"

ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „მოლენბეკთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0), კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, კარგად ითამაშეს და ასე უნდა გააგრძელონ.

„დიდი ინტენსივობის თამაში იყო. მთელი მატჩის განმავლობაში მოდუნების შესაძლებლობა არ იყო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ასეთი მატჩები იმისთვისაა, რომ გაიმარჯვო. პირველი ტაიმის ბოლოს გავიტანეთ და ვფიქრობ, მეტოქეს ფსიქოლოგიური დარტყმა მივაყენეთ, ვცდილობდით, მეორე ტაიმშიც ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და ეს კარგად გამოგვივიდა. შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობით მოგვეგო, გოლამდეც შემეძლო გატანა, თავით მშვენივრად დავარტყი, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პროგრესი გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ”, - თქვა მიქაუტაძემ.

„სერენისა“ და „მოლენბეკის“ საპასუხო შეხვედრას „სერენი“ 30 აპრილს უმასპინძლებს და ყველაფერი იქ გაირკვევა, მაგრამ ფაქტია, სტუმრად გამარჯვებით გიორგის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. ცნობისთვის, „სერენმა“ იუპილერ ლიგაში მე-17, ხოლო „მოლენბეკმა“ პირველ დივიზიონში მე-2 ადგილი დაიკავა და ამიტომაც, უწევთ პლეი-ოფში ერთმანეთთან თამაში ელიტის საგზურისთვის.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

0.114279