ფეხბურთი

3:05 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის თასის ფინალში შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ გმირი ვერ გახდა

გიორგი მამარდაშვილს გმირობამდე და „ვალენსიას“ ესპანეთის თასამდე ძალიან ცოტა, ერთადერთი ნაბიჯი დააკლდათ.

სევილიაში, „ლა კარტუხას“ სტადიონზე „ვალენსია“ სამეფო თასის ფინალში „ბეტისს“ დაუპირისპირდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. იქამდე იყო ძალიან დაძაბული 120 წუთი, რომელშიც უპირატესობას სევილიელები ფლობდნენ და რომ არა მამარდაშვილი, ალბათ საქმე პენალტებამდე არც მივიდოდა.

„ბეტისმა“ პირველივე ხეირიანი შეტევა გოლად აქცია. მე-11 წუთზე ექტორ ბელერინის ჩაწოდების შემდეგ ბორხა იგლესიასმა თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა, გიორგის დადანაშაულება გოლში შეუძლებელია. ხოსე ბორდალასის გუნდმა ზუსტად 20 წუთში გაათანაბრა, როცა კლაუდიო ბრავოსთან პირისპირ დარჩენილმა უგო დურომ გაიტანა.

მეორე ტაიმში გიორგიმ სამჯერ მოახერხა მასთან პირისპირ დარჩენილი მეტოქეების დაჯაბნა. 65-ე წუთზე ხუანმის დარტყა მოიგერია, მატჩის მიწურულს კი ჯერ ნაბილ ფეკირს არ გაატანინა, მერე ისევ ბორხა იგლესიასს. სამივე შემთხვევაში გიორგის სეივი მართლაც გამორჩეული იყო. გარდა ამისა, „ვალენსია“ ორჯერ ძელმა იხსნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში ქართველი მეკარე ძალიან ახლოს იყო ბურთთან და ძელს რომ არ მოხვედროდა, დიდი ალბათობით, მოიგერიებდა.

მერე კი პენალტების სერიის ჯერი დადგა, რომელშიც სამწუხაროდ, გიორგის 5-ვე დარტყმა გაუტანეს. 21 წლის კიპერი მეორე დარტყმის დროს ბურთს შეეხო და ძალიან ახლოს იყო ლეგენდარული ხოაკინის პენალტი აეღო, მაგრამ ვერ შეძლო, სხვა შემთხვევაში კი დარტყმის მიმართულებაც ვერ გამოიცნო. „ვალენსიამ“ 5-დან 4 პენალტი ძალიან დამაჯერებლად გაიტანა, თუმცა, ბურთთან მეოთხედ მისული მუსა შეცდა - ამერიკელმა კარს ააცილა და ყველაფერი დასრულდა.

სევილიის „ბეტისმა“ ესპანეთის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. „ვალენსიამ“ კი სეზონის ტიტულით გადარჩენის შანსი გაუშვა ხელიდან. ლა ლიგაში სატურნირო ცხრილის შუაშია და ევროსაგზურისთვის ვეღარ იბრძოლებს. მომდევნო შეხვედრას „ლოს ჩე“ 30 აპრილს, „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი და 8-ჯერ მშრალად შენახული კარი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126582