„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 12-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
დეიან სტანოიევიჩის გუნდმა შინ ხორვატულ „იადრანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 12:11 დაამარცხა. მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორეში კი ქართულმა გუნდმა ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
მესამე პერიოდში ხორვატებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ გადამწყვეტ მეოთხედში „დინამომ“ მოახერხა წინ გასვლა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა.
„დინამო თბილისს“ 13 ტურში 1 მოგება და 12 წაგება აქვს, რის შედეგადაც A ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა, ხოლო მე-14, დასკვნით ტურში 11 მაისს, „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.
„დინამო თბილისი“ – „იადრანი“ 12:11 (2:2, 3:2, 3:4, 4:3)