„ფულჰემი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ლონდონელებმა ჩემპიონშიფის 42-ე ტურში „ქრავენ კოტეჯზე“ „პრესტონი“ 3:0 დაამარცხეს და აღზევება სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს.
„ფულჰემს“ 86 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ბორნმუთს“ 9 ქულით უსწრებს, მაგრამ მეორე ადგილიც პრემიერლიგის საგზურს იძლევა, ხოლო მესამე ადგილოსანს (ახლა ამ პოზიციაზე „ჰადერსფილდია), რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს, 13 ქულით უსწრებს, რისი აღმოფხვრა 4 ტურში შეუძლებელია.
მარკო სილვას გუნდმა მთელი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და დამსახურებულად დაბრუნდა პრემიერლიგაში. გუნდის უდავო ლიდერი კი ალეკსანდრ მიტროვიჩია, რომელსაც ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 40 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი.