ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო - პლეი-ოფი! 16 და 17 აპრილს 4 შეხვედრა გაიმართა და შესაბამისად გუნდებმა აქტივში თითო გამარჯვება მიითვალეს:
პირველი მატჩი „დალას მავერიკსა“ და „იუტა ჯაზს“ შორის შედგა, რომელიც სტუმრებმა 6-ქულიანი სხვაობით 93:99 იმარჯვეს.
ლუკა დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "დალასმა", მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, 2 პერიოდი მოიგო კიდეც, თუმცა, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. სლოვენიელ ფორვარდს ბარძაყის ტრავმა აქვს და ის ამ მნიშვნელოვან შეხვედრებში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.
დასაწყისში „იუტას" კალათბურთელებმა ზედიზედ 8 ქულა ჩააგდეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ „დალასმა დაუქამბექა და ზედიზედ 10 ქულა მიითვალა. პირველი პერიოდი ჯეისონ კიდის გუნდმა 23:20 მოიგო. „იუტამ“ მეორე 12-წუთეული მეტოქეზე ოდნავ უკეთ ჩაატარა და შესვენებაზე გუნდი 2-ქულიანი ფორით - 45:43 გავიდა. მესამე პერიოდშიც ქვინ სნეიდერის გუნდმა მოიგო და უკვე სხვაობა 8 ქულამდე გაიზარდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში უნდა გადაწყვეტილიყო. „დალასმა“ აღნიშნული პერიოდი მოიგო, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით და სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.
ლიდერობა დონოვან მიტჩელმა ითავა, რომელმაც 41:30 წუთში 32 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. „იუტადან“ ბოგდან ბოგდანოვიჩიც გამოირჩა, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. კარგი შეხვედრა ჩაატარა რუდი გობერტმა, რომელსაც მხოლოდ 5 ქულა ჰქონდა, თუმცა მთელი 17(!) მოხსნა მიითვარა.
„დალასიდან“ ყველაზე მეტი ჯალენ ბრანსონმა ჩააგდო 24 ქულა, სპენსერ დინვიდს კი 22 ქულა ჰქონდა. ორმაგი დუბლი არცერთ კალათბურთელს არ შეუსრულებია.
ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 20 აპრილს გაიმართება.
მეორე მატჩი კი „მემფიზ გრიზლსა“ და „მინესოტას“ შორის გაიმართა. ორივე გუნდი პარკეტზე სრული შემადგენლობით იმყოფებოდა, ერთადერთი ტრევმირებული მოთამაშე ჰყავდა „მემფისს“ – 24 წლის ფრანგი ფორვარდი კილიან ტილი, რომელსაც მუხლის დაზიანება აქვს.
მატჩი „მინესოტას“ უპირატესობით წარიმართა. კრის ფინჩის გუნდმა ანგარიშში სხვაობა თითქმის სრულად შეინარჩუნა, გამონაკლისი მეორე მეოთხედის მცირე მონაკვეთი იყო, როდესაც „მემფისის“ კალათბურთელებმა ჯერ გაათანაბრეს, მერე კი 2 ქულით წინ გაიჭრნენ, მაგრამ საბოლოოდ 13 ქულის სხვაობით - 117:130 დამარცხდნენ.
კარგი თამაში ჩაატარა ენტონი ედვარდსმა. 20 წლის ახალგაზრდა კალათბურთელმა 36 ქულა ჩააგდო და ამ მონაგარს 2 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც დაამატა. მან 11-დან 4 სამქულიანი, 23-დან 12 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 29 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა კარლ ენტონი თაუნსმა.
მემფისიდან კი ჯა მორანტი გამოირჩა. ასევე 20 წლის მცველმა 32 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბრენდონ კლარკს 13 ქულით, 12 მოხსნითა და 2 პასით საკუთარ გუნდში ერთადერთო ორმაგი ბრული ჰქონდა.
პლეი ოფის გასული 4 შეხვედრიდან ყველაზე მეტი „ფილადელფიას“ კალათბურთელებმა ჩაყარეს. დოკ რივერსის შეგირდებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით - 131:111 იმარჯვეს.
ჩატარებული 4 შეხვედრიდან ყველაზე შედეგიანი იყო მაქსი ტაირისი. 21 წლის მცველმა საკუთარ გუნდს 38 ქულა შესძინა, გარდა ამისა 4 მოხსნა და 2 პასიც გააკეთა. ქულების მხრივ გამოირჩა ტობიას ჰარისიც, მან ფილას 26 ქულა, 6 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მოუტანა. კარგი მატჩი ჰქნდა ჯოელ ემბიდსაც. კამერუნელმა ცენტრმა 19 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 4 პასი გაახერხა, რითაც ორმაგი დუბლიც მიითვალა.
დამარცხებულთა გუნდიდან კი კამერუნელი ფორვარდი პასკალ სიაკამი გამოირჩა, რომელმაც გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ყველაზე მეტს ეცადა - 24 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი.
„ფილადელფიისა“ და „ტორონტო რეპტორსის“ მეორე შეხვედრა 19 აპრილს ჩატარდება.
რაც შეეხება „გოლდენ სტეიტ უორიორზისა“ და „დენვერ ნაგეთსის“ დაპირისპირებას, სტივ კერის გუნდმა კომფორტული უპირატესობით მოიგო და სერიაშიც დაწინაურდა - 123:107.
არადა პირველი და ბოლო პერიოდი ნიკოლა იოკიჩმა და კამპანიამ მოიგეს, თუმცა „გოლდენ სტეიტმა“ მეორე მეოთხედში ჯერ 12 ქულით - 32:20, ხოლო მესამე პერიოდში 32:23 იმარჯვა და დასკვნით 12-წუთეულამდე 20 ქულიანი ფორა ჰქონდა, რომლის აღმოფხვრაც დენვერელებმა ვეღარ მოახერხეს.
ყველაზე მეტი ქულა „გოლდენიდან“ ჯორდან პულმა ჩააგდო - 30. გამარჯვებულთაგან 19 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს.
დამარცხებულთაგან კი ყველაზე შედეგიანი ნიკოლა იოკიჩი იყო. სერბმა ცენტრმა თავი 25 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით გამოიჩინა და ერთადერთი იყო ორივე გუნდიდან, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ერთი ქულით ჩამორჩა იოკიჩს ვილ ბარტონი. 31 წლის მცველმა 24 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 პასიც გამოიმუშავა.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს შედგება.
მაშ ასე, პლეი ოფის მატჩები დაიწყო, დღეს კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება - „მაიამი ჰიტი“ „ალტანტა ჰოუქსს“ ხოლო „ბოსტონ სელტიკსი“ „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლებს. სერიის დარჩენილი 2 მატჩი კი გამთენიას გაიმართება, სადაც ერთმანეთს “მილუოკი ბაქსი“ - ჩიკაგო ბულსს“ და „ფინიქს სანსი“ - „ნიუ ორლეანსს“ შეხვდება.