იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს „იუვენტუსმა“ მორიგი უფერული თამაში ჩაატარა და ქულები ისევ დაკარგა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ბოლონიას“ უმასპინძლა და 9-კაციან მეტოქესთან მარცხს 95-ე წუთზე გადაურჩა. ტურინელების თამაშის ხარისხი უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საკუთარი პუბლიკის წინაშე მარცხდებოდა. ანგარიში მარკო არნაუტოვიჩმა 52-ე წუთზე გახსნა და ეჭვგარეშეა „ბოლონია“ მოიგებდა, რომ არა 84-ე წუთი, როცა ალვარო მორატას წაქცევისთვის სუმარო გააძევეს, ხოლო პროტესტისთვის მის გზას გარი მედელიც გაუყენეს. 9 ფეხბურთელით „ბოლონიამ“ ვეღარ გაძლო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე მორატას ეფექტური თამაშის შემდეგ დუშან ვლაჰოვიჩმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა.
„იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ზურგს უკან „რომასა“ და „ფიორენტინას“ სუნთქვას აშკარად უნდა გრძნობდეს და დარჩენილ ხუთ ტურში ქულების განიავების უფლება არ აქვს, თორემ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი „იუვესთვის“ ალესანდრო დელ პიეროს „ალიანც სთედიუმზე“ გამოჩენა იყო. მას ფანები ოვაციებით და სიმღერებით შეეგებნენ. სხვათა შორის, დელ პიერო თავისი საყვარელი გუნდის თამაშს ტურინში პირველად დაესწრო მაყურებლის რანგში. „ალიანც სთედიუმზე“ ის 10-წლიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა, 2012 წლის მაისის მერე, როცა „იუვედან“ გააცილეს.
დღის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ფიორენტინას“ გამარჯვება „ვენეციასთან“ – 1:0. ფლორენციული გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის ზონას ნელ-ნელა უახლოვდება. რომის „ლაციო“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლისგან ჩირო იმობილემ იხსნა. მაურიციო სარის გუნდის მაქსიმუმი ამ სეზონში ალბათ ევროპა ლიგის საგზური იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონა საკმაოდ შორსაა.
სერია A-ს 33-ე ტური ორშაბათს ორი მატჩით დასრულდება, გამოსარჩევია „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება.
„კალიარი“ – „სასუოლო“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დეიოლა (42)
„უდინეზე“ – „ემპოლი“ 4:1 (1:0)
გოლები: 1:0 ისმაილი (6, ა.გ), 2:0 დეულოფეუ (52), 2:1 პინამონტი (70), 3:1 პუსეტო (79), 4:1 სამარჯიჩი (87)
„სამპდორია“ – „სალერნიტანა“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 ფაციო (4), 0:2 ლოურენსო (6), 1:2 კაპუტო (32)
„ფიორენტინა“ – „ვენეცია“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ტორეირა (30)
„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (52), 1:1 ვლაჰოვიჩი (90)
„ლაციო“ – „ტორინო“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 პელეგრი (56), 1:1 იმობილე (90)