ჩოგბურთი

21:50 | 12.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს მეორე წრეში გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგნისთვის, მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად არც დაწყებულა - იმის გამო, რომ კოვიდ-19-ის აცრა არ გაუკეთებია, ის არც ავსტრალიის ღიაზე სათამაშოდ შეუშვეს მელბურნში და ორი ამერიკული მასტერს 1000-ის გამოტოვებამაც მოუწია. ნოვაკ ჯოკოვიჩს აქამდე მხოლოდ ოთხი შეხვედრა აქვს გამართული, რომელთაგან უკვე მეორე წააგო.

მეორე მარცხი (6-3, 6-7(5), 6-1) მონტე კარლოს მასტერს 1000-ის ტურნირის მეორე წრეში, განთესვის გარეშე მოთამაშე ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასგან იწვნია.

შეხვედრის დასაწყისში, რეიტინგში 46-ე ადგილზე მყოფმა დავიდოვიჩ ფოკინამ შეძლო უპირატესობის მოპოვება და 4-1 დაწინაურდა, შემდეგ კი სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა. უფრო მეტიც, მეორე სეტშიც ადრევე მიაღწია ბრეიკს და 3-0 დაწინაურდა.

ჯოკოვიჩს მოწოდება არ გამოსდიოდა, მაგრამ მარცხის საფრთხის წინაშე რომ აღმოჩნდა, თამაშის გამოსწორება შეძლო და ჯერ საპასუხო ბრეიკი აიღო, შემდეგ კი, ტაიბრეიკზეც აჯობა მეტოქეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ გადამწყვეტ სეტში ესპანელმა თამაშის სადავეები სრულად აიღო ხელში და ტიტულოვან მეტოქეს მოგების შანსი აღარ დაუტოვა.

„ეს გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩოგბურთელად ნოლეს (ჯოკოვიჩის) თამაშით შთაგონებული ჩამოვყალიბდი. მე მისი დიდი ფანი ვარ. ვიცოდი, რომ ნოლეს თავდაჯერება აკლდა, რადგან ამ სეზონში ბევრი არ უთამაშია. მე შანსები მქონდა და ისინი გამოვიყენე“, - განაცხადა დავიდოვიჩ ფოკინამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.141516