„მილანს“ სერია A-ს ბოლო 5 ტურში გოლი არ გაუშვია, მაგრამ უკანასკნელ 6 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თანაც მატჩში ერთზე მეტი არ გაუტანია, ხოლო ბოლო ორ ტურში სულაც უგოლო ფრე ითამაშა.
სტეფანო პიოლის გუნდი ამჯერად ტურინში „ტორინოს“ დაუზავდა და ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ პოტენციურად პირველი ადგილი „ინტერისაა“, რადგან სიმონე ინძაგის გუნდი თანაქალაქელს 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ასე რომ, „როსონერის“ დაკარგული ქულები შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს. არადა, მილანურ გრანდს შეეძლო კიდევ ერთი კონკურენტის „ნაპოლის“ წაფორხილებით ესარგებლა, მაგრამ ბოლომდე ეს ვერ გააკეთა, მხოლოდ ქულით გაიუმჯობესა „პარტონოპეისთან“ სიტუაცია. ახლა, „მილანს“ 68 ქულა და საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. „ინტერის“ და „ნაპოლის“ აქტივში 66-66 ქულა და საკმაოდ ადვილი კალენდარია, თანაც, როგორც ვთქვით, „ნერაძურის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ნაპოლის“ ფეხი უდროო დროს დაუცდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შინ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ წააგო. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში „ფიორენტინა“ ძალიან კარგად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის ზონისგანაც არ არის ძალიან შორს, მაგრამ საჩემპიონოდ შემართული „ნაპოლისთვის“ შინ უქულოდ დარჩენა მაინც მოულოდნელი იყო. „იები“ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს.
მორიგი თამაში ჩააგდო ბერგამოს „ატალანტამ“, რომელმაც ამჯერად „სასუოლოსთან“ განიცხადა მარცხი. უკვე ისე ჩანს, რომ ჯან პიერო გასპერინის გუნდმა სერია A-დან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე ხელი ჩაიქნია და უფრო მეტ აქცენტს ევროპა ლიგაზე აკეთებს, სადაც მეოთხედფინალშია გასული. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია „რომა“, რომელიც „იუვენტუსს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. არადა, „ჯალოროსი“ ღრმა აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ ძალიან ახლოს იყო წაგებასთან, მაგრამ 82-ე და 85-ე წუთებზე გატანილი გოლებით თამაში შეატრიალა და მოიგო.
უფრო ადვილი სამი ქულა მოიპოვა „ლაციომ“, რომელმაც „ჯენოასთან“ საგარეო შეხვედრა 4:1 მოიგო. ბრწყინვალე იყო ჩირო იმობილე - ჰეთ-თრიქი შეასრულა. მას სერია A-ში 179 გოლი დაუგროვდა, რაც მართლაც გამოსარჩევი შედეგია. რაც მთავარია, ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა, რადგან 24 გოლი აქვს და დუშან ვლაჰოვიჩს 2 გოლით უსწრებს.
წინ კიდევ 6 ტურია. „მილანის“, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შესახებ გითხარით, იქვეა „იუვენტუსი“, რომელიც ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ტურინელთა მდგომარეობას ის ართულებს, რომ სამ გუნდზე აქვს გადასასწრები, რაც ურთულესი ამბავია.
„ჯენოა“ – „ლაციო“ 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 მარუშიჩი (31), 0:2 იმობილე (45), 0:3 იმობილე (63), 1:3 პატრიკი (68, ა.გ), 1:4 იმობილე (76)
„უდინეზე“ – „ვენეცია“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 დეულოფეუ (35), 1:1 ანრი (86), 1:2 ბეკაო (90)
„სასუოლო“ – „ატალანტა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ტრაორე (24), 2:0 ტრაორე (61), 2:1 მურიელი (90)
„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 2:3 (0:1)
გოლები: 0:1 გონსალესი (29), 1:1 მერტენსი (58), 1:2 იკონე (66), 1:3 კაბრალი (72), 2:3 ოსიმენი (84)
„რომა“ – „სალერნიტანა“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 რადოვანოვიჩი (22), 1:1 პერესი (82), 2:1 სმოლინგი (85)
„ტორინო“ – „მილანი“ 0:0 (0:0)