კალათბურთი

1:56 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ახალი რეკორდი NBA-ში: სანდრო მამუკელაშვილმა ზაზა ფაჩულიას მიღწევა გააუმჯობესა

NBA-ში 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ქართული კალათბურთისთვის ისტორიული რეკორდით დაასრულა.

„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელმა „კლივლენდ კავალიერსთან“ 28 ქულა ჩააგდო, რაც რეკორდული შედეგია. აქამდე ქართველ კალათბურთელებში საუკეთესო შედეგი 2007 წელს, ზაზა ფაჩულიას 27 ქულა იყო ერთ მატჩში, მაგრამ ამიერიდან რეკორდის მფლობელი მამუკელაშვილია!

ქართველმა მოთამაშემ გარდა ამისა, ორმაგი დუბლიც გაიფორმა - 42:35 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა. საინტერესოა, რომ მან მოხსნებში პირადი რეკორდიც დაამყარა, რადგან 13 მოხსნა აქამდე NBA-ში არასდროს ჰქონია, მისთვის სარეკორდო იყო სათამაშო დროც (თითქმის 43 წუთი).

სანდრო თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო, მთლიანად შეხვედრაში კი მხოლოდ კევინ ლავს ჩამორჩა, რომლის აქტივში 32 ქულა იყო. 22 წლის კალათბურთელმა 15-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

რაც შეეხება შეხვედრას, „კლივლენდმა“ 133:115 მოიგო, მაგრამ სანდროს თამაშიდან გამომდინარე ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავია, თანაც „ბაქსს“ პლეი-ოფის საგზური ისედაც კარგა ხნის მოპოვებული ჰქონდა. საბოლოოდ, „მილუოკიმ“ აღმოსავლეთ კონფერენცია 51 მოგებით და 31 წაგებით მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ „მაიამი ჰიტს“ ჩამორჩა.

0.118996