ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „ფერარის“ მონაკოელმა შარლ ლეკლერმა მოიგო. მან დაახლოებით სამი მეათედი წამით აჯობა მსოფლიო ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს (რედ ბული). ლეკლერისთვის ეს ამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მე-11 პოულია.
ლეკლერმა საუკეთესო დრო ბოლო ცდაზე დააფიქსირა. მესამე დრო ფერსტაპენის თანაგუნდელ სერხიო პერესს აქვს, ვისაც სტარტზე გვერდით „მაკლარენის“ ლანდო ნორისი დაუდგება. მესამე რიგში კი სტარტს „მერსედესის“ პილოტები, ლუის ჰამილტონი და ჯორჯ რასელი აიღებენ.
„მანქანა კარგად იმართება. ისევ საკმაოდ გაოცებული ვართ კვალიფიკაციაში მისი სიჩქარით. „რედ ბული“ ისევ ახლოსაა. ამიტომ, რბოლაში მჭიდრო პაექრობას ველით“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც ორი რბოლის შემდეგ, 12 ქულას უგებს ესპანელ თანაგუნდელ კარლოს საინსს და 20 ქულას - ფერსტაპენს.
ფერსტაპენი რბოლის შემდეგ მანქანის ბალანსს უჩიოდა: „მანქანას კარგად ვერ ვგრძნობ. მეორე ადგილი მაინც საკმაოდ კარგი შედეგია. თუცა როგორც გუნდს, მეტი გვსურს“.
ჰამილტონს მელბურნის ალბერტ პარკზე ზედიზედ ექვსი პოული აქვს მოპოვებული, მაგრამ ამჯერად მეხუთე შედეგს დასჯერდა. მას მცირედით ჩამორჩა რასელი. მათ უკან კი სტარტზე დანიელ რიკარდო დადგება. „მაკლარენმა“ წინა ორი რბოლის შემდეგ, საგრძნობლად გააუმჯობესა შედეგი, თუმცა ლიდერებისგან კვლავაც თითქმის წამი აშორებს.
რბოლა საკმაოდ რთული გამოდგა. ავარიების გამო, ის ორჯერ შეწყდა. პრაქტიკების შემდეგ, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ოთხიდან ერთი DRS ზონა გააუქმეს. ამის მიუხედავად, კვალიფიკაციის ბოლო ფაზის დასაწყისში, ავარია მოუვიდა ფერნანდო ალონსოს. მის „ალპინზე“ ჰიდრავლიკა დაზიანდა, რის გამოც, ორგზის ჩემპიონმა გადაცემის შეცვლა ვერ შეძლო და მანქანზე კონტროლი დაკარგა.
რბოლის პირველ ფაზაში კი ერთმანეთს ორი კანადელი - ლანს სტროლი და ნიკოლას ლატიფი დაეჯახა.
ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'17.868 (245.168 კმ/სთ)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.286
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.372
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.835
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.957
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.065
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.164
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.193
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1.540
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) -
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.358
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.542
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.556
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.287
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.597
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.386
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 3.281
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.504
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.267
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) -