ავტოსპორტი

3:47 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი მანქანით უკმაყოფილოა

„მერსედესის“ პრობლემები გრძელდება. ეს ავსტრალიის დიდი პრიზის პრაქტიკებზეც გამოჩნდა და არც ლუის ჰამილტონს დაუმალავს, რომ მანქანას უკეთესობის ჯერ არაფერი ეტყობა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი პირველ პრაქტიკაზე მხოლოდ მე-7 იყო, მეორე პრაქტიკაზე კი მე-13 შედეგს დასჯერდა. ჰამილტონის თანაგუნდელ ჯორჯ რასელს მეორე პრაქტიკაზე მე-11 შედეგი ჰქონდა და საუკეთესო დროის მქონე შარლ ლეკლერს 1.2 წამზე მეტით ჩამორჩა.

„ძალიან რთული სესია იყო. ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ ისეთი რამის შეცვლას, რაც მანქანის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ეს რთული რამაა. თავიდან ოპტიმისტი ხარ, მანქანაში რაღაცას ცვლი, ის კი არ უმჯობესდება. მეორე პრაქტიკისთვის რაღაცები შევცვალეთ. მაგრამ პირველი პრაქტიკა უკეთესო გვქონდა. მე მეორეზე უფრო გამიჭირდა. არ ვიცი, რაღაც ჭირვეული მანქანაა“, - ამბობს ჰამილტონი.

„მერსედესს“ საქმე ახალმა რეგლამენტმა გაურთულა. განსაკუთრებით, ახალმა აეროდინამიკამ. W13-ის მთავარი პრობლემა, სწორ მონაკვეთებზე ხტუნვებია, რასაც ჩაჭიდების ძალის მკვეთრი ცვლილება იწვევს. ეს არის მანქანის მთავარი პრობლემა.

ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, ჰამილტონს და რასელს გამარჯვებისთვის ბრძოლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ პრობლემის მელბურნისთვის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

რასელი ამბობს, რომ ხტუნვის ყველაზე ძლიერი ეფექტი მანქანას მეცხრე მოსახვევის წინა სწორზე ჰქონდა: „მონაცემებს კარგად უნდა დავაკვირდთ, რათა პრობლემის არსს ჩავწვდეთ. რა არ ვცადეთ, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირი იყო. კარგად უნდა გავერკვეთ პრობლემის არსში, გავიგოთ, რა იწვევს ამ ყველაფერს“.

0.111245