„ვალენსიას“ ფეხბურთელმა გაბრიელ პაულისტამ „კადისთან“ მატჩი (0:0) შეაფასა და გიორგი მამარდაშვილის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, რომ დაცვაში უფრო თავდაჯერებულები არიან და მამარდაშვილი ბრწყინვალე მეკარეა.
„სამი ქულის მოსაპოვებლად ორი კვირა ვემზადებოდით, მაგრამ ძალიან რთული იყო, რადგან მეტოქე რისკზე არ მიდიოდა და დაცვაში იდგა. ეს ქულა „კადისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცით, რომ საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, რომ მოგვეგო. ვერ შევქმენით საგოლე მომენტები და ასე არ უნდა ვითამაშოთ. ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ, თუკი დადებითი შედეგის მიღწევა გვინდა. თუმცა, კარი მშრალად კიდევ ერთხელ შევინარჩუნეთ და ეს მნიშვნელოვანია. დაცვაში თავდაჯერებულები ვართ და გიორგი მამარდაშვილი ძალიან დაგვეხმარა, რადგან ის შესანიშნავი მეკარეა“, - აღნიშნა პაულისტამ.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში მე-15 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად რვაჯერ აქვს შენახული, რაც შესანიშნავი შედეგია. მაგალითისთვის, იასპერ სილესენმა ასევე 15 თამაშში გოლი მხოლოდ სამჯერ არ გაუშვა. სხვათა შორის, გავიხსენოთ ალბანეთთან მატჩიც, რომელშიც გიორგიმ გოლი ასევე არ გაუშვა და ამ შემთხვევაში მშრალი მატჩების რაოდენობა 6 გამოვა. გიორგის „ვალენსიას“ რიგებში 477-წუთიანი მშრალი სერია აქვს.
აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ 30 ტურში 41 ქულა და მხოლოდ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.